10-12-2018
თეირანმა თბილისს პროტესტი გამოუცხადა იმ ირანელი მოქალაქეების მიმართ მკაცრი მოპყრობის გამო, რომლებიც სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოში შესვლა სურდათ.
ამის შესახებ ირანული საინფორმაციო სააგენტო «Iran Daily» წერს.
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ ირანული მედიასაშუალების მიერ გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:
თეირანში საქართველოს ელჩთან იოსებ ჩახვაშვილთან შეხვედრისას ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა [ალი ასგარ მოჰამადმა] ხაზი გაუსვა, რომ ირანი უკმაყოფილოა ზოგიერთი ქართველი მესაზღვრის უდიერი დამოკიდებულებით ირანის მოქალაქეების მიმართ.
ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობაზე საუბრის პარალელურად, ირანის საგარეო საქმეთა უწყების მაღალჩინოსანმა ასევე აღნიშნა, რომ ირანელი მოქალაქეების დეპორტაციის შემთხვევების ზრდა ეწინააღმდეგება ორმხრივ შეთანხმებას უვიზო რეჟიმის თაობაზე. ასეთი მოქმედება ხელს უშლის თეირანისა და თბილისის კავშირების განმტკიცებასაც.
ქართველმა დესპანმა, თავის მხრივ, სინანული გამოხატა ბოლო მოვლენების გამო და ხაზი გაუსვა ორმხრივი კავშირების მნიშვნელობას. იოსებ ჩახვაშვილმა ასევე დაადასტურა საქართველოს მთავრობისა და ხალხის პატივისცემა ირანის მთავრობისა და ხალხის მიმართ. დიპლომატის თქმით, იმედი აქვს, რომ ორმხრივი თანამშრომლობა კვლავაც განვითარდება. მან განაცხადა, რომ [ქართული მხარე] აღნიშნულ პრობლემას გამოიკვლევს.
----------
როგორც ცნობილი გახდა, საქართველომ ქვეყნის საზღვრებიდან ირანის 200 მოქალაქის დეპორტაცია მოახდინა. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა ბაჰრამ ყასემმა აღნიშნა, რომ ირანელები საქართველოდან სხვადასხვა მიზეზით გამოაძევეს - მართალია, ზოგიერთს წესრიგში არ ჰქონდა დოკუმენტები საქართველოს ტერიტორიაზე შესასვლელად, მაგრამ ბევრ დეპორტირებულს დოკუმენტები წესრიგში ჰქონდა.
ქართულმა ოფიციალურმა პირებმა ამ ინფორმაციის ნამდვილობა საეჭვოდ მიიჩნიეს და განაცხადეს, რომ ამ საკითხზე თბილისში არსებულ ირანის საელჩოს დაუკავშირდებიან.