გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე ქართული მხარე რამდენიმე საკითხის დაყენებას გეგმავს

12-12-2018

დღეს,  საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის  ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 46-ე რაუნდი, ევროკავშირის, გაეროს, ეუთოს თანათავმჯდომარეობითა და აშშ-ის მონაწილეობით გაიმართება.

ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციას უხელმძღვანელებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია.


საგარეო უწყების ცნობით, მოლაპარაკებებზე საქართველოს დელეგაცია დააყენებს ყველა იმ გამოწვევას, რასაც კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობა აწყდება რუსეთის მხრიდან,  უკანონო ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკის შედეგად. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა გალსა და ახალგორში, აგრეთვე საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებულ რთულ ვითარებას. აქცენტი გაკეთდება თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი ქართველების ეთნიკური დისკრიმინაციის გაძლიერებაზე. ასევე, საქართველოს წარმომადგენლები დასვამენ საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვის საკითხს და ყურადღებას გაამახვილებენ სოფელ ატოცში მიმდინარე უკანონო პროცესებზე. ქართველი მონაწილეები კვლავ დააყენებენ არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობის საკითხს.


საქართველოს დელეგაცია ისაუბრებს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების უკანონო მილიტარიზაციის პროცესზე და მოითხოვს მოსკოვის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების სრულად შესრულებას. დღის წესრიგის ერთ-ერთი წამყვანი თემა იქნება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხი. საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის თქმით, ადგილზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული გამოწვევების ფონზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება გალსა და ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრების უპირობოდ, ფუძემდებლური პრინციპების სრული დაცვით აღდგენას. წინა დღეს საქართველოს დელეგაციამ გამართა ორმხრივი კონსულტაციები ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს თანათავმჯდომარეებთან და აშშ-ის წარმომადგენლებთან. 11 დეკემბერს გაიმართა ასევე საინფორმაციო სესია თემაზე „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება“, რომლის დროსაც განხილულ იქნა ქალთა ჩართულობა სამშვიდობო მოლაპარაკებებში და ხაზი გაესვა კონფლიქტით დაზარალებულ ქალთა პრობლემებზე მუშაობის აუცილებლობას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031