12-12-2018
საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ქალაქ კუალა-ლუმპურში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ფოტო-გამოფენა გაიმართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ნიკოლოზ აფხაზავამ მიმართა. საკუთარ გამოსვლაში ელჩმა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების ისტორიაზე, პირველი რესპუბლიკის სახელმწიფო ფასეულობებსა და საგარეო პოლიტიკურ ამოცანებზე ისაუბრა.
ნიკოლოზ აფხაზავამ თანამედროვე საქართველოში არსებული ვითარება , ქვეყანაში გატარებული დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმები და საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი მიღწევები მიმოიხილა.
ღონისძიებაზე, რომელსაც დიპლომატიური კორპუსის, მალაიზიის სახელმწიფო უწყებების, მას-მედიის, ბიზნეს-ასოციაციების, მალაიზიური კომპანიების, განათლების, კულტურის სფეროების და ქართული დიასპორის წარომადგენლები ესწრებოდნენ, ასევე ქართული ღვინის დეგუსტაცია მოეწყო.