გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ავღანეთიდან საქართველოში სატრანზიტო მოძრაობა დაიწყება

14-12-2018

საქართველოს ტერიტორიაზე ავღანეთიდან სატრანზიტო მოძრაობა დაიწყება.
ლაპის ლაზულის მარშრუტით, რომელიც ავღანეთიდან ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის გავლით ევროპაში სატრანზიტო მოძრაობას ითვალისწინებს, უახლოეს პერიოდში სატესტო სატრანზიტო გადაზიდვა განხორციელდება. პირველი საპილოტე გადაზიდვა საავტომობილო ტრანსპორტის საშუალებითაა დაგეგმილი.

ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნულ ტრანზიტთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხები ავღანეთის ქალაქ ჰერათში სატრანზიტო-სატრანსპორტო დერეფნის „ლაპის ლაზულის“ ექსპერტთა ჯგუფის მე-2 შეხვედრაზე განიხილეს, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს და სს „საქართველოს რკინიგზის“ წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ავღანეთის, აზერბაიჯანის, თურქეთისა და თურქმენეთის წარმომადგენლები.

შეხვედრაზე „ლაპის ლაზულის“ მარშრუტის მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებმა აღნიშნული მარშრუტის ფარგლებში სარკინიგზო გადაზიდვების განვითარების საკითხები განიხილეს.

აღსანიშნავია, რომ ლაპის ლაზულის მარშრუტის განვითარებას ითვალისწინებს შეთანხმება სატრანზიტო და სატრანსპორტო თანამშრომლობის შესახებ, რომელსაც ხელი გასული წლის 15 ნოემბერს ქალაქ აშხაბადში (თურქმენეთი) მოეწერა ავღანეთის თაობაზე რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის კონფერენციის (RECCA-VII) ფარგლებში. შეთანხმება ქმნის ხუთ ქვეყანას შორის (ავღანეთი, თურქმენეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, თურქეთი) თანამშრომლობის სამართლებრივ საფუძველს. იგი წარმოადგენს ჩარჩო შეთანხმებას, რომლის დებულებები არეგულირებს სატრანზიტო მიმოსვლას, რომელიც იწყება ან სრულდება ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე და ტვირთისა და მგზავრების გადაადგილებას ხელშემკვრელი მხარეების შესაბამის დერეფნებს შორის.

კერძოდ, შეთანხმება ხელს უწყობს ხელშემკვრელი მხარეების ტერიტორიებზე დაუბრკოლებელ გადაადგილებას, სატრანზიტო მოძრაობასთან დაკავშირებული აუცილებელი ადმინისტრაციული საკითხებისა და პროცედურების გამარტივებას, უზრუნველყოფს სატრანსპორტო საშუალებების, ტვირთისა და მგზავრების უსაფრთხოებას.

შეთანხმების თანახმად გადაზიდვები განხორციელდება ხელშემკვრელი მხარეების მიერ წინასწარ განსაზღვრულ საავტომობილო, სარკინიგზო და შიდა სამდინარო სატრანზიტო მარშრუტებზე.

შეთანხმების ამოქმედება ხელს შეუწყობს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის განვითარებას და დამატებითი ტვირთნაკადების მოზიდვას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031