14-12-2018
„თვითმმართველობის კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანია კადრების გაძლიერება და ამაზე აუცილებლად ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ და მეორე ამოცანა გახლავთ ის, რომ თანდათანობით უნდა გაფართოვდეს ადგილობრივი თვითმმართველობის რესურსები“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამ საკითხებზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.
„მუშავდება დეცენტრალიზაციის სტრატეგია, რომელიც სწორედ ამას ითვალისწინებს. თანდათანობით, სულ უფრო მეტი უფლებამოსილება და ასევე, რესურსი უნდა გადავიდეს ადგილობრივი თვითმმართველობის ხელში, რაც უნდა აისახოს, საბოლოო ჯამში, საზოგადოების კეთილდღეობაზე და უკეთეს მომსახურებაზე, რომელსაც მიაწვდის ადგილობრივი თვითმმართველობა საზოგადოებას, ანუ, კადრები - ეს არის მნიშვნელოვანი ასპექტი და ასევე, უფლებამოსილებების და რესურსების გაფართოება და ყველა ამ მიმართულებით წარიმართება აქტიური მუშაობა“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.