გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ეს შენი წარსულია
საიდუმლოებით მოცული თბილისელი მილიონერი, ქველმოქმედი და ანტრეპრენუარი XIX საუკუნიდან! – მელიქ-აზარიანცის ბიზნეს ისტორია

14-12-2018

საქართველოს ისტორიას არაერთი სახელოვანი პიროვნება ახსოვს, რომელსაც ქვეყნისა და საზოგადოების განვითარებაში, მასობრივი რუსიფიკაციის პირობებშიც კი, დიდი წვლილი აქვს შეტანილი. მათ შორისაა ალექსანდრე მელიქ-აზარიანცი, XIX საუკუნის მსხვილი ბიზნესმენი და მეწარმე. მასზე, ალბათ, ყველას სმენია, ვინც ერთხელ მაინც აღფრთოვანებულა “შემოსავლიანი სახლით”, რომელიც დღემდე ამშვენებს რუსთაველის (#37) გამზირს. სამწუხაროდ, როდესაც აზარიანცზე იწყებენ საუბარს, უმეტესწილად, “შემოსავლიანი სახლის” ისტორიით შემოიფარგლებიან, ხოლო თავად პიროვნებას რამდენიმე სიტყვით ახასიათებენ, რომ იყო “პირველი გილდიის ვაჭარი, კომერსანტი და დიდი ქველმოქმედი”, თუმცა დეტალურად საუბარს თავს არიდებენ და მიზეზად ისტორიული  მასალების სიმცირეს ასახელებენ. აზარიანცის იდუმალებით მოცული ბიოგრაფია უამრავ ლეგენდას მოითვლის და მის შესახებ ინფორმაციის მოპოვება საკმაოდ საჩოთირო საქმე აღმოჩნდა, თუმცა გავბედავთ და გეტყვით, რომ ეს შევძელით და ამ სტატიაში ისტორიული ცნობების მიხედვითა და ანალიტიკური მსჯელობის საფუძველზე, გვინდა სრულიად სხვა თვალით დაგანახოთ აქამდე ცნობილი მოვლენები და გიამბოთ სხვა, ჯერ კიდევ უცნობი ისტორიები ალექსანდრე მელიქ-აზარიანცის შესახებ.


ალექსანდრე აღაფონის ძე მელიქ-აზარიანცი, 1847 წელს, თბილისში დაიბადა. გვარით თუ ვიმსჯელებთ, “მელიქი” დიდგვაროვანთა ტიტულად მიიჩნეოდა აღმოსავლეთში, თავად სიტყვაც არაბულიდან მოდის და “მეფეს” ნიშნავს, ხოლო რაკი ალექსანდრე სომხური წარმოშობის იყო (კერძოდ, ყარაბახიდან), იქაური წოდების თანახმად, თავადი უნდა ყოფილიყო. მელიქები ხშირად ინიშნებოდნენ ქალაქის თავად. ტიტულის გარდა, რომელიც მემკვიდრეობით ექნებოდა მიღებული, აზარიანცს საკმაო ქონებაც უნდა დარჩენოდა.


რაც შეეხება გვარს, “აზარიანცი” სახელ “აზარიდან” მოდის – “აზარ” არაბულად “დახმარებას” ნიშნავს. სანამ გვარების ფორმირება დაიწყებოდა, აზარიანცებს “აზართა გვარს” ეძახდნენ. აღსანიშნავია, რომ რუსეთის იმპერიასთან შეერთების შემდეგ, ბევრისგან განსხვავებით, აზარიანცთა გვარმა არ განიცადა რუსიფიკაცია და შეინარჩუნა თვითმყოფადობა.


განათლება და საქმიანობა


ალექსანდრემ უმაღლესი განათლება პეტერბურგში მიიღო. პროფესიით გეოლოგმა ცოდნა არაერთხელ გამოიყენა, როგორც საქმეში – სპილენძისა და ნავთობის მოპოვება-გადამუშავება, ისე “შემოსავლიანი სახლის” მშენებლობისას. როგორც ჩანს, თავისი საქმის კარგი მცოდნე იყო, რაკი არაერთი ჯილდო მიუღია სპილენძის გადამუშავების დახვეწაში შეტანილი წვლილისთვის.


ოჯახი


მელიქ-აზარიანცმა ცოლად თაქუი ოვსეპიანი ითხოვა. მალე გოგონაც შეეძინათ, რომელსაც დედის სახელი – თაქუი დაარქვეს, რაც სომხურად “დედოფალს” ნიშნავს. სამწუხაროდ, გოგონა ავადმყოფობის გამო, ახალგაზრდა დაიღუპა. მათი შთამომავლის, ნატალია კალანტეროვას მონათხრობიდან ირკვევა, რომ აზარიანცებს მეორე ქალიშვილიც შეეძინათ, სახელად სოფია, რომელიც თბილისში, მამის ნაჩუქარ სახლში ცხოვრობდა. სახლი ლერმონტოვის #14-ში ახლაც დგას.


თავისი დროის ბიზნესმენი


თუკი მელიქ-აზარიანცის შესახებ ცნობებს გადავხედავთ, ყველგან აღნიშნავენ, რომ ალექსანდრე პირველი გილდიის ვაჭარი იყო, ამიტომ, თავდაპირველად, გავერკვიოთ, ვინ იყვნენ პირველი გილდიის ვაჭრები?


“ვაჭართა გილდია” – ასე ერქვა საზოგადოებრივ ორგანიზაციას, რომლის წევრებიც ვაჭრობით იყვნენ დაკავებული. სიტყვა “გილდია” გერმანული წარმოშობისაა და “ბირჟას” ნიშნავს. თანამედროვე ენაზე რომ ვთქვათ, ეს იყო ბიზნესმენთა გაერთიანება, ერთგვარი ბიზნეს პალატა. დიახ, იმ დროისთვის ვაჭრობა მხოლოდ ყიდვა-გაყიდვით სულაც არ შემოიფარგლებოდა, ბევრ მათგანს მარკეტინგი და რეკლამა განვითარებული, ხოლო მენეჯმენტის თავისებური სტილი, თანამშრომელთა წახალისების სისტემა და მათი დაზღვევაც კი ჰქონდა გათვალისწინებული.


გილდიის დანიშნულება იყო მასში შემავალი ვაჭრების დაცვა და შესაბამისად, ორგანიზაციას გარკვეული წესებიც ჰქონდა.


გილდიაში გაერთიანება, 1775 წლის რეფორმის შედეგად, სამი კატეგორიის (პირველ, მეორე და მესამე გილდიის) ვაჭრებს შეეძლოთ, რაც დღევანდელ მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესმენებს ნიშნავდა. გილდიის კატეგორია (დონე) იმ კაპიტალის მოცულობით განისაზღვრებოდა, რაც ვაჭარს გააჩნდა. მცირე მეწარმეს, სულ მცირე, 500 რუბლი მაინც უნდა ჰქონოდა, საშუალოს – 1000, ხოლო პირველი გილდიის ვაჭარს, მინიმუმ 10 000 რუბლი. ვაჭართა გილდიის საწევრო საქმოსნის ოფიციალური კაპიტალის 1%-ით განისაზღვრებოდა.


გილდიის გაფართოებასთან ერთად, დინამიურად იცვლებოდა წესები, მათ შორის, კაპიტალის ოდენობა და გადასახადი, რაც ვაჭრის კატეგორიას განსაზღვრავდა – მაგალითად, 1807 წელს, მესამე გილდიის ვაჭრის მინიმალური კაპიტალი 8000, მეორესი – 20 000, ხოლო პირველი გილდიის ვაჭრის – 50 000 რუბლით განისაზღვრებოდა. ამგვარმა რეგულაციამ პირველი გილდიის ვაჭრებს მეტი პრივილეგია მისცა – ეწარმოებინათ საერთაშორისო ბიზნესი, ხოლო შიდა ბაზარზე მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის მეტი სივრცე შექმნილიყო.


ამგვარად, როდესაც ვამბობთ, რომ ალექსანდრე მელიქ-აზარიანცი პირველი გილდიის ვაჭარი იყო, ვგულისხმობთ, რომ ის იყო მისი დროის მსხვილი ბიზნესმენი, რომელსაც ჰქონდა სპილენძის საბადოები და გადამამუშავებელი ქარხნები სომხეთში (ქარხანას ფლობდა თბილისშიც), ნავთობის საბადოები ბაქოში, ქვის სამტეხლოები, პირველი სატელეფონო ქსელი თბილისში, შემოსავლიანი სახლი ოლგას ქუჩაზე (ახლანდელი რუსთაველის გამზ. #37), ორი სახლი – სულხან საბას და ლერმონტოვის ქუჩებზე და ა.შ.


აღსანიშნავია, რომ XIX საუკუნის მიჯნაზე, კავკასიაში ინგლისური კაპიტალის ზრდა შეინიშნება განსაკუთრებით, ნავთობის მიმართულებით. იმ პერიოდში ბევრმა მსხვილმა კაპიტალისტმა მიჰყიდა ბიზნესი ინგლისელებს. 1899 წელს მელიქ-აზარიანცმა და ძმებმა მუტაფიანებმა ზანგეზურის სპილენძის მადნები და ქარხნები ინგლისელებს მიჰყიდეს, რის საფუძველზეც შეიქმნა Anglo-Russian copper Mining Syndicate, Ltd. ამ მასშტაბური ეკონომიკური გარიგებების ფონზე, ბევრი მსხვილი ბიზნესმენი გადასახლდა ლონდონში.


თავისი დროის ანტრეპრენუარი და სახლი, როგორც ხასიათის ნაწილი


როგორც უკვე აღვნიშნეთ, როდესაც მელიქ-აზარიანცის შესახებ საუბრობენ, თითქმის ყოველთვის ახსენებენ “შემოსავლიან სახლს”, რომელიც მან ააგო. ამ შენობის არქიტექტურაზე, მშენებლობის პროცესზე, რომელსაც არაერთი ლეგენდა უკავშირდება, ბევრი დაწერილა, თუმცა ამჯერად, გადავწყვიტეთ ამ ისტორიებში ანტრეპრენუარული ხედვა ამოვიკითხოთ.


შემოსავლიანი სახლებს იმ დროისთვის სხვებიც აშენებდნენ – ნაწილს აქირავებდნენ, ნაწილში კი თავადაც ცხოვრობდნენ, თუმცა უმეტესობა მათგანი მხოლოდ ფასადით იყო მომხიბვლელი. აზარიანცმა ათწლეულებით გაუსწრო არსებულ სტანდარტულ ინფრასტრუქტურას და განიზრახა აეგო სრულიად განსხვავებული კონცეფციის “შემოსავლიანი სახლი” – ეს იყო მულტიფუნქციური კომპლექსი, რომელსაც ჰქონდა საკუთარი წყალმომარაგება (იმ დროის თბილისში წყალსადენი მოქმედებდა, თუმცა, სამზარეულომდე და სააბაზანომდე მიყვანილი წყალი თბილისელებისთვის ეგზოტიკას წარმოადგენდა), ცენტრალური გათბობა, საკუთარი სატელეფონო სადგური, კინოთეატრი, ფოტოსალონი, ბავშვთა პანსიონი, სამხატვრო გალერეა, ეგზოტიკური მცენარეებითა და შადრევნით გაშენებული ეზო. სახლი ძირითადად რუს საჯარო მოხელეებს ჰქონდათ ნაქირავები და ასეთი კომფორტის მიუხედავად, აზარიანცი მაინც არ აფასებდა ძვირად.


აღსანიშნავია, რომ აზარიანცის სახლის ადგილას ნაგავსაყრელი და ბარაკები იყო და ქალაქის თავმა ხატისოვმა ალექსანდრეს სწორედ ეს ადგილი შესთავაზა სამშენებლოდ. ბუნებრივია, აზარიანცი გაბრაზდა ამგვარ შეურაცხყოფაზე, თუმცა, დანებების ნაცვლად, მიიღო გამოწვევა და ნაგავსაყრელის ადგილას გაწმენდას შეუდგა, ხოლო მეზობლად მცხოვრები ოჯახებისგან მათი ბარაკები 300-300 ოქროდ იყიდა.


შემოსავლიანი სახლი მელიქ-აზარიანცის ხასიათზეც ბევრს გვიყვება. როგორც აღმოჩნდა, საძირკვლის ტრადიციული მეთოდით ამოყვანა შეუძლებელი იყო გრუნტის წყლების გამო. განათლებით გეოლოგმა ეს გამოწვევაც უდრეკად მიიღო და გონივრული გამოსავალი იპოვნა – საძირკველი მთლიანად ტყვიაში ჩასვა, ხოლო სამშენებლოდ სპეციალური ხერხით გამომწვარი აგური გამოიყენა.


რაკი “შემოსავლიანი სახლი” გამორჩეულად დიდი შენობა იყო, საძირკველიც დიდი სჭირდებოდა, ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც სახლს მიწისქვეშ 3-4 სართული და გვირაბების დიდი ქსელი აქვს, თუმცა, არ გამოვრიცხავთ, რომ იდუმალებით მოცულ მეპატრონეს ეს სივრცე სხვა დანიშნულებითაც სჭირდებოდა. ამ მოსაზრებას ამყარებს, 1909 წელს, გაზეთ “მომავალში” გამოქვეყნებული ინფორმაცია “შემოსავლიანი სახლის” ჩხრეკის შესახებ.


ლეგენდები


მელიქ-აზარიანცზე ის ლეგენდებიც მეტყველებს, რომლებიც მის შესახებ შემოგვინახა ქალაქმა.


მშენებლობის პროცესში, ხატისოვს წყალი შეუწყვიტავს მისთვის და მის გამოშვებას მხოლოდ გაძვირებული ტარიფის სანაცვლოდ დაჰპირებია. ქალაქის თავის ვერაგობას აზარიანცმა ჯიუტი მოხერხებულობით უპასუხა – დიდი რაოდენობით შეისყიდა ღვინო, რომელიც წყალზე ბევრად იაფი ჯდებოდა და ის მოიხმარა სამშენებლოდ.


ამბობენ, სახლის მშენებლობისას მდიდარი მეგობრები საძირკველში ძვირფასეულობებს ყრიდნენ, იღბალს მოუტანს აზარიანცსო. მიუხედავად იმისა, რომ ამ ძვირფასეულობაზე მოგვიანებით არაერთი მარადიორი დაიგეშა, საეჭვოა ლეგენდის ავთენტურობა, სავარაუდოდ, ეს აზარიანცის გავლენასა და სიმდიდრეზე მეტყველებს.


ლეგენდას ყვებიან მის გარდაცვალებაზეც, თითქოს სარდაფში, საიდუმლო სეიფში შესულს კარი ჩაკეტვია და იქ დამარხულა. თუმცა, ამ ისტორიას ბევრი წყარო უარყოფს. ამასთან, ეს ამერიკელი მილიარდელის ჯონ როკფელერის სიკვდილის ამბავს უფრო მოგვაგონებს, რომელიც აზარიანცამდე 8 წლით ადრე საკუთარ სეიფში ჩაკეტილი დაიღუპა. შესაძლოა, ეს ისტორია თბილისელებისთვის მიმზიდველი აღმოჩნდა და იდუმალებით მოცულ აზარიანცს ამიტომაც მიაწერეს.

ქალიშვილის, თაქუის გარდაცვალების თარიღად ბევრი 1904 წელს ასახელებს და ამბობს, რომ აზარიანცმა სახლის მშენებლობა მას მიუძღვნა, თუმცა სხვები ირწმუნებიან, რომ თაქუი მშენებლობის დასრულების პერიოდში გარდაიცვალა, ხოლო ყვავილების გვირგვინები, რომლებიც ფასადზე დღემდეა შემორჩენილი და ცრემლების ფორმის ფანჯრები, ალექსანდრეს სავარაუდო აპარტამენტებთან, მის სახელზე დაემატა პროექტს.


მენეჯმენტი


აზარიანცის არც მენეჯერულ მიდგომაზე წერია სადმე, მხოლოდ 1906 წლის ყოველდღიურ გაზეთ “ლამპარში” განთავსებული მუშების წერილს მივაკვლიეთ, რომლის მიხედვითაც თუ ვიმსჯელებთ, მმართველობა ლოიალური უნდა ყოფილიყო დასაქმებულთა მიმართ. ნაწილობრივ, კურიოზულია თავად წერილის შინაარსი, სადაც მუშები, რომლებსაც, მათივე თქმით, აზარიანცის სპილენძის ქარხანამ ყველა მოთხოვნა დაუკმაყოფილა, ხოლო ქარხნის ფუნქციონირების შეჩერებიდან 2 თვის განმავლობაში, სრულიად არაფერში, ნახევარი ჯამაგირი დაურიგა, შემდგომ კი, “ანგარიშის გასწორებისას”, 2 თვის ხელფასი აუნაზღაურა, მაინც გამოთქვამენ უკმაყოფილებას დამსაქმებლის მიმართ.


“ბ-ნო რედაქტორო!

გთხოვთ მცირეოდენი ალაგი დაუთმოთ მელიქ-აზარიანცის სპილენძის ქარხნის მუშების წერილს თქვენს პატივცემულ გაზეთში.

მელიქ-აზარიანცის ქარხანა თფილისში იმყოფება. ქარხნის გახსნის დრო, ჩვენ მუშების უმეტესობა იმ იმედით შევედით სამსახურში, რომ გვეგონა თითეული ჩვენგანი მიიღებდა ღირსეულ ხელფასს. ქარხნის ადმინისტრაციამ სავსებით მიიღო მაშინ ყველა ჩვენი მოთხოვნილებანი და ჩვენს მოვალეობას ჩვენც პირნათლად ვასრულებდით.


11 მარტს ქარხანამ მუშაობა შესწყვიტა და ჩვენ უსაქმოთ დავრჩით. ქარხნის ადმინისტრაციამ დაგვაიმედა, რომ მუშაობა მხოლოდ ორი თვით, ე.ი. 11 მაისამდე არის შეჩერებულიო. ამისათვის არც ჩვენ მოგვითხოვია ქარხნიდან განთავისუფლება. მართალია, ამ უსაქმობის დროს ჩვენ გვაძლევდნენ ნახევარ ჯამაგირს, მაგრამ 11 მაისის შემდეგ მუშაობა მაინც არ განუახლებიათ. რასაკვირველია, ისედაც მცირე ჯამაგირის ნახევარი ჩვენს ყოველ დღიურ მოთხოვნილებებს ვერ დააკმაყოფილებდა, და ვალებში ჩავცვინდით და იძულებული გავხდით გვეთხოვა ერთი თვის ჯამაგირის წინდაწინ მოცემა, რომ შემდეგ ჯამაგირიდანვე გაგვესწორებია. თხოვნაზე ცივი უარით გვიპასუხეს. მაშინ ჩვენ სრული ანგარიშის გასწორება ვითხოვეთ და მივიღეთ 2 თვის ჯამაგირი. ქარხნის ადმინისტრაციამ მოგვთხოვა ხელწერილი, რომ ჩვენ ქარხნის შესახებ არავითარი უკმაყოფილება არ გვაქვს და იძულებული ვიყავით ასეთი ხელწერილი მიგვეცა. რაკი ჩვენ გაგვანთავისუფლა, ქარხნის ადმინისტრაციამ ახალი მუშების მიღებას მიჰყო ხელი. ცხადია ქარხანა ახლო მომავალში მუშაობას განაახლებს და სჩანს ქარხნის ადმინისტრაცია ჩვენს თავიდან მოშორებას ელოდა. ახალ მუშებთან ქარხანა უეჭველია ახალი პირობებით შეკვრას აპირობს, რომლებიც მხოლოდ მისთვის ხელსაყრელი იქნება. ჩვენ ძველმა მუშებმა ქარხნის გახსნიდანვე შევისწავლეთ იქაური პირობები და წარმოება, ბევრი შრომა დავხარჯეთ, რომ ქარხნის საქმე გაგვეუმჯობესებია, იმ იმედით, რომ ჩვენს მოქმედებას დააფასებდნენ. მაგრამ როგორც ხედავთ იმედები ქარმა წაიღო და ქარხნის ადმინისტრაციამ ასე უსამართლოთ და უმიზეზოთ გარეთ გამოგვყარა.


ეს ჩვენი მაგალითი ახალ მუშებს მაინც ახსოვდეთ და იცოდენ, რომ ქარხნის ადმინისტრაცია არც იმათ დაინდობს თუ მოახერხა.

ყველა მუშების მინდობილობით ილია გეგიძე.”


მეცენატი


მელიქ-აზარიანცი “კავკასიის სომეხთა საქველმოქმედო საზოგადოებას” ხელმძღვანელობდა, რომელმაც 1881 წლის 15 ნოემბერს დაიწყო ფუნქციონირება. დაფუძნებიდან 1 თვის თავზე, ორგანიზაცია 465 წევრს მოითვლიდა, ხოლო შემოწირულობის სახით 190 000 რუბლი ჰქონდა მოგროვილი, – ამ თანხიდან 24-მა ადამიანმა შეიტანა 7900-7900 რუბლი, ხოლო დანარჩენმა 441-მა – 5-5 რუბლი.


საინტერესოა თავად მიდგომა, როგორ გროვდებოდა თანხა საზოგადოებრივი საქმეებისთვის. წლების მანძილზე ამ საქმით სამი ალექსანდრე იყო დაკავებული: ანანიანი, მანთაშევი და მელიქ-აზარიანცი. წელიწადში ერთხელ, ისინი იწყებდნენ მსვლელობას ქალაქში, სათითაოდ ჩამოუვლიდნენ ხოლმე თითოეულ მაღაზიას, დუქანს თუ სახელოსნოს – ეფრემ ცატურიანის მაღაზიიდან დაწყებული, ახლანდელი ლესელიძის გავლით, ავლაბრის ხიდამდე და აგროვებდნენ შემოწირულობებს. იშვიათად, რომ ვინმეს უარი ეთქვა ასეთი პატივსაცემი ადამიანებისთვის და 5 რუბლი არ გაემეტებინა.


იმ დროისათვის ყველამ იცოდა, რომ თუ საზოგადოებას დაუგეგმავად სჭირდებოდა თანხა ქველმოქმედებისთვის, ამ სამი ალექსანდრესთვის უნდა მიემართათ.

ფონდის ფუნქციონირების პირველსავე წელს გაიხსნა წარმომადგენლობა ერევანში, ყარსში, ნახიჭევანში, ართვინში, გორში, ბათუმში, არმავირში, ახალციხეში, თელავში, ახალქალაქში, სიღნაღსა და სხვა დასახლებულ პუნქტებში. რამდენიმე წლის თავზე კი საზოგადოება 21 “ფილიალს” ითვლიდა.


ჰუმანიტარული საქმიანობის გამო, საქველმოქმედო საზოგადოებამ მალევე მოიპოვა პოპულარობა ფართო მასშტაბით. მოქალაქეებს მაღალი იდეალები აერთიანებდა. ფონდის საქმიანობა გამჭვირვალედ ხორციელდებოდა და რეგულარულად იბეჭდებოდა საჯარო ხარჯთაღრიცხვა. დონაციას მოქალაქეები დიდ პატივად თვლიდნენ. მაგალითად, ოვანეს ხუდადოვმა მთელი მისი უძრავ-მოძრავი ქონება, რომლის ღირებულებაც 150 000 რუბლს აჭარბებდა, საზოგადოებრივი საქმის საკეთილდღეოდ, ბავშვთა სახლების, სკოლებისა და კლინიკების ასაშენებლად გადაულოცა ფონდს.


ფონდი თავისი ხარჯებით ინახავდა 100 სოფლის სკოლას, ბიბლიოთეკას, ქალაქებში ხსნიდან სასწავლო კურსებს, სტიპენდიებით ეხმარებოდა ევროპაში სასწავლებლად წასულ სტუდენტებს…


ფონდი დიდ ყურადღებას აქცევდა განათლებას. მისი მფარველობის ქვეშ იყო 63 საეკლესიო საგანმანათლებლო ცენტრი თბილისისა და ერევნის ეპარქიებში, ასევე 140 სკოლა, ათობით ბიბლიოთეკა, სახელოსნო და ა.შ.


1920 წლის გორის დიდ მიწისძვრასთან დაკავშირებით, სომეხმა მეცენატებმა, ერთობლივი ძალისხმევით, 300 000 რუბლი შეაგროვეს, რომ მოსახლეობისთვის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და საყოფაცხოვრებო ნივთები უზრუნველეყოთ.


XX საუკუნის მიჯნაზე, სვეტიცხოვლის რესტავრაციისთვის, მელიქ-აზარიანცმა, მიქაელ არამიანცმა და ალექსანდრე მანთაშოვმა 150 000 რუბლი გაიღეს.


მოკრძალებული გარდაცვალება


ზოგიერთი წყაროს თანახმად, როდესაც ხელისუფლებაში ბოლშევიკები მოვიდნენ, მელიქ-აზარიანცს “შემოსავლიანი სახლის” გაყიდვა და საზღვარგარეთ წასვლა განუზრახავს, ამ მიზნით ფრანგ მყიდველთანაც ჰქონია მოლაპარაკება. თაქუი საფრანგეთში გამგზავრებულა, სადაც მეუღლის ჩასვლას უნდა დალოდებოდა, თუმცა ალექსანდრეს ქვეყანა ვეღარ დაუტოვებია.


ბოლშევიკებმა აზარიანცს ლეგენდარული “შემოსავლიანი სახლი” ჩამოართვეს და საცხოვებლად იმავე სახლის სადარბაზოში, ერთ-ერთი კიბის ქვეშ მიუჩინეს ადგილი, სადაც ალექსანდრემ სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა (სხვა ვერსიის მიხედვით, კიბის ნაცვლად, ეს იყო დარაჯის ჯიხური). ასე გარდაიცვალა იდუმალებით მოცული ბიზნესმენი 1923 წელს, უკიდურეს სიღატაკეში. მეგობრებმა შეგროვილი ფულით დაკრძალეს. ვერის ძველ სასაფლაოზე, დიდ აკლდამებს შორის, ოდესღაც თბილისის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და შეძლებული მოქალაქის მოკრძალებულ საფლავს დღესაც წააწყდებით, წარწერით, “მშვიდობა შენდა, ღირსეულო მამაო!”.



 

pressclubi.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930