24-01-2018
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა კატეგორიულად უარყო ინფორმაცია, რომ რუსეთის ფედერაციის სუბიექტის, ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოს მერის მუსლიმ ხუჩიევის არაოფიციალური ვიზიტი საქართველოში, 22 ნოემბერს თბილისში და 27 დეკემბერს, პანკისის ხეობაში ჩატარებულ ანტიტერორისტულ ოპერაციებს უკავშირდებოდა.
46 წლის ხუჩიევი, რომელიც საერთო ჯამში (2007-2009, 2010-2012, 2015-დან ) შვიდი წელია რაც გროზნოს მერიას ხელმძღვანელობს და ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის "მარჯვენა ხელია," თბილისსა და ბათუმში ოთხი დღის განმავლობაში იმყოფებოდა.
ბათუმში ყოფნისას ხუჩიევი ხუთვარსკვლავიან სასტუმრო Hilton-ში ცხოვრობდა. თუ რა მიზნით და ვისი მოწმევით ჩამოვიდა საქართველოში, ამის შესახებ გროზნოს მერმა კომენტარის გაკეთება არ ისურვა. Hilton-ში „ამერიკის ხმას“ არაოფიციალურად აცნობეს, რომ ჩეჩენი სტუმარის უსაფრთხოებაზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები ზრუნავდნენ, მაგრამ გენერალ-მაიორ ანზონ ჩუბინიძის უწყებაში ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ.
"ეს ადამიანი წლებია, არცერთ სანქციათა სიაში შეტანილი არ ყოფილა, ახლა კი არა, არასოდეს არ ყოფილა. შესაბამისად, არ ვიცი, რა ფორმით, მაგრამ როგორც ტურისტი, ალბათ, შემოვიდა და გავიდა".
ოთხი თვით ადრე, სანამ საქართველოში ინკოგნიტოდ მოგზაურობას გადაწყვეტდა, გროზნოს მერმა მუსლიმ ხუჩიევმა ჩეჩნეთის დედაქალაქის დაარსების 199 წლისთავის საზეიმო ღონისძიებებზე დასასწრებად, ოკუპირებული სოხუმისა და ცხინვალის უკანონო „მერები“ ადღურ ხარაზია და ალან კოჩიევი პირადად მიიწვია. სოხუმის უკანონო „მერი“ 2017 წლის ჩეჩნეთის სახელმწიფო ტელერადიოკომპანია „გროზნის“ პირდაპირ ეთერშიც კი გამოვიდა.
საქართველოს კანონით „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ უკანონოა ნებისმიერი ორგანო (თანამდებობის პირი), რომელიც შექმნილი (დანიშნული/არჩეული) არ არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ან/და რაიმე ფორმით ფაქტობრივად ახორციელებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საკანონმდებლო, აღმასრულებელ ან სასამართლო ფუნქციებს ან სხვა საქმიანობას, რაც მიეკუთვნება საქართველოს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ფუნქციებს.
2008 წლის აგვისტოს ომის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის ყოფილი წევრის, ყოფილი დეპუტატის პაატა დავითაიას ინფორმაციით კი რუსეთთან ომის დროს, რუსეთის არმიის 291-ე მოტომსროლელი პოლკის, 42-ე დივიზიის - ჩეჩნურ ბატალიონ „ვოსტოკის“ ცხინვალის რეგიონში გადმოსროლის ოპერაციას, ჩრდილოეთ კავკასიიდან რამზან კადიროვთან ერთად კოორდინირებას სწორედ მუსლიმ ხუჩიევი უწევდა.
საქართველოში "ტურისტად მყოფ" მუსლიმ ხუჩიევისთვის კითხვები ამ მნიშვნელოვან თემებზე, როგორც ჩანს არავის დაუსვამს. თბილისსა და ბათუმში გროზნოს მერის ყოფნის ფაქტი დაადასტურეს ჩეჩნეთის რესპუბლიკაშიც. გროზნოს მერიაში ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ ვიზიტი არაოფიციალურ ხასიათს ატარებდა და უკვე დასრულდა:
„არავითარი მიზანი გროზნოს მერის ვიზიტს საქართველოში არ ჰქონია. შეიძლება სამკურნალოდ ჩავიდა ან სტუმრად ვინმესთან. ის არაფიციალურად იმყოფებოდა საქართველოში და უკვე სამშობლოშია“.
ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვისა და მისი უახლოესი გარემოცვის სხვა წევრებისგან განსხვავებით, „მარჯვენა ხელი“ მუსლიმ ხუჩიევი საერთაშორისო სანქციების ქვეშ ჯერჯერობით არ იმყოფება, თუმცა რუსეთის უფლებადაცვითი ორგანიზაცია „მემორიალის“ შეფასებით, „კადიროვის მედლის“ მფლობელი გროზნოს მერი, ისევეა პასუხისმგებელი ჩეჩნეთში არსებულ არაადამიანურ რეჟიმზე, როგორც თავად რუსეთის გმირი რამზან კადიროვი".
მუსლიმ ხუჩიევის სახელი რამდენიმე რეზონანსულ მკვლელობასა და კრიმინალურ საქმეში ფიგურირებს. ცნობილია, რომ კადიროვთან ერთად ხუჩიევიც პირადად ემუქრებოდა ცნობილ ჩეჩენ უფლებადამცველ ნატაშა ესტემიროვას, რომელიც 2009 წელს გროზნოდან გაიტაცეს და მოკლეს. ეს საქმე დღემდე გაუხსნელია.
2017 წლის ზაფხულში კი ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში გაქცეულმა ჩეჩენმა ბიზნესმენმა ლომ-ალი ელბიევმა საჯაროდ განაცხადა რომ მუსლიმ ხუჩიევმა თავის ორ ძმასთან და პირად მცველებთან ერთად, გროზნოს მერიის სარდაფში ელექტროშოკის გამოყენებით სასტიკად აწამა და მისგან 28 მილიონი რუბლის (500 000 აშშ დოლარის) გადახდას ითხოვდა.