გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ქოჩიშვილი: ოპოზიციამ სამინისტროს ანგარიშისა და კონკრეტული შინაარსობრივი დეტალების მოსმენა არ ისურვა

28-12-2018

პარლამენტში გადადებულ მოსმენასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში შიდა აუდიტის დეპარტამენტის ინსპექტირების სამსახურის უფროსი გიორგი ქოჩიშვილის საგანგებო ბრიფინგი ჩატარდა.


მისი თქმით, დღეს, პარლამენტში, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტში სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ინსპექტირების სამსახურის საქმიანობის ანგარიშის მოსმენა იგეგმებოდა, რის შესახებაც დეპუტატებისთვის ცნობილი იყო წინასწარ.


თუმცა, მიუხედავადამისა, ოპოზიციის წევრებმა არ ისურვეს ანგარიშისა და კონკრეტული, შინაარსობრივი დეტალების მოსმენა, მათ შორის არც ზუგდიდის მე-6 სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასა და მის შედეგებზე. შესაბამისად, ნათელი გახდა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს ამ საკითხზე დეტალური ინფორმაციის მიღების ნაცვლად, მხოლოდ პოლიტიკური ინტერესი ამოძრავებდათ.


„ჩვენ საჭიროდ მიგვაჩნია საზოგადოებას მივაწოდოთ ობიექტური ინფორმაცია და გარკვეული დეტალები ზუგდიდის მე-6 სკოლაში ინსპექტირების ჩატარების მიზეზებსა და მის შედეგებზე. ასევე, სკოლაში არსებული მდგომარეობის ამსახველი მასალა.


განათლების სამინისტროს აუდიტის სამსახურმა მოკვლევა დაიწყო მოქალაქის წერილისა და სკოლის ადმინისტრაციის მიერ სამინისტროს რესურსცენტრისთვის მიმართვის - 2 ერთდროულად მიღებული შეტყობინების საფუძველზე, სტანდარტული პროცედურით.


სამინისტროში შემოსულ წერილში მითითებული იყო ისეთი საკითხები, რომლებიც საჭიროებდა დროში სწრაფ რეაგირებას - სკოლის ქონების უკანონო განკარგვა, სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დარღვევა, მოსწავლეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცვლელი ინფრასტრუქტურული მდგომარეობა და სხვ. შესაბამისად, შესული წერილის შინაარსიდან გამომდინარე, შესწავლის არ-დაწყება სამინისტროს მხრიდან იქნებოდა კანონდარღვევა.

ჩვენს მიერ წარმოდგენილ ფოტომასალაში დაფიქსირებულია სკოლაში არსებული პრობლემების ნაწილი, რომელიც დააფიქსირა აუდიტის სამსახურმა. ეს პრობლემები აღიარა სკოლის ადმინისტრაციამ და მათი მოგვარებისთვის მუშაობა დაიწყო. მათი ნაწილი უკვე აღმოფხვრილია.


რაც შეეხება ინფორმაციას თითქოს, სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გათავისუფლდა - არის მიზანმიმართული სიცრუე. დირექტორი თანამდებობიდან არ გათავისუფლდა არც მინისტრის და არც სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით. ასევე, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს წერილი ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლასთან დაკავშირებით იყო ანონიმური, ან ყალბი.


რაც შეეხება სტატისტიკას - სამინისტრო მთელი ქვეყნის მასშტაბით მუდმივად ახორციელებს როგორც გეგმიურ, ისე არაგეგმიურ შემოწმებებს. მხოლოდ 2018 წელს განხორციელებული შემოწმების შედეგად, დაიწერა 98 დასკვნა, მითითება და გაფრთხილება მიეცა 49 სკოლას, გათავისუფლდა სკოლის 9 დირექტორი, ერთ სკოლაში მოხდა სამეურვეო საბჭოს დათხოვნა, ხოლო სამართალდამცავ ორგანოში გადაიგზავნა კანონდარღვევის 20 საქმე.


სამინისტრო გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, მიაწოდოს სრული დოკუმენტაცია და აქტიურად ითანამშრომლოს ნებისმიერ დაინტერესებულ მხარესთან, სახალხო დამცველთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან იმისათვის, რომ მოხდეს აღნიშნული საქმის საფუძვლიანი შესწავლა. თუმცა, კატეგორიულად დაუშვებლად მიგვაჩნია სასწავლო დაწესებულებების პოლიტიზირება და მათი პოლიტიკური სპეკულაციების საგნად გადაქცევა“ - განაცხადა გიორგი ქოჩიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031