გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერვიუ
ინტერვიუ რადას დეპუტატ სემიონ სემენჩენკოსთან: საქართველოში უკრაინელების დაპატიმრებაში შესაძლოა პოროშენკოს ან ავაქოვის ხელი ურევია

3-01-2019

როგორც ცნობილია, გასული წლის ნოემბერში, თბილისში უკრაინული ბატალიონის „დონბასის“ 6 ყოფილი მოხალისე მებრძოლი დააკავეს: უკრაინის მოქალაქეები - როლანდ მელია, დიმიტრი კურაგინი, იგორ ორლენკო, იური კოროსტილევი, ალექსანდრე ნოვიკოვი, სერგეი კლადკო და საქართველოს მოქალაქე ლუკა ჩხეტია.


საქართველოს ხელისუფლების ვერსიით, ყოფილი მოხალისეები თბილისში ერთი მიზნით ჩამოვიდნენ: მათ მონაწილეობა უნდა მიეღოთ იმ საპროტესტო აქციებში, რომლებიც ოპოზიციამ წამოიწყო საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ, საპრეზიდენნტო არჩევნებში წაგებული „ნაცმოძრაობის“ კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის ხელმძღვანელობით. ამჟამად უკრაინის ხუთი და საქართველოს ერთი მოქალაქე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაპატიმრებულები არიან - ისინი იმავე საპყრობილეში იმყოფებიან, სადაც საქართველოს შინაგან საქმეთა ექს-მინისტრი ვანო მერაბიშვილი იხდის სასჯელს და სადაც თბილისის ექს-მერი გიგი უგულავა იჯდა. მათ წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე (სსსკ-ის 236-ე მუხლით), რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალების, ასაფეთქებელი ნივთიერებისა და ასაფერტქებელი მოწყობილობების უკანონოდ შეძენასა და მის შენახვას ითვალისწინებს


«Страна»-ს კორესპონდენტი ინა ზოლოტუხინა თბილისში ჩამოვიდა და უკრაინის პარლამენტის (ვერხოვნა რადას) სახალხო დეპუტატს სემიონ სემენჩენკოს შეხვდა, რომლის მტკიცებით, მის თანამებრძოლებზე თავს დამტყდარი ამბავი უკრაინისა და საქართველოს სპეცსამსახურების მიერ მოწყობილ ერთობლივ პროვოკაციას წარმოადგენს. გარდა ამისა, სემიონ სემენჩენკო დაბეჯითებით აცხადებს, რომ მის მეგობრებს არანაირი მონაწილეობა არ მიუღიათ ქართული ოპოზიციის მიერ მოწყობილ მიტინგში და რომ იარაღი მათ, უბრალოდ, „ჩაუდეს“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.


საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ ამონარიდებს მასალიდან (ინტერვიუ სემიონ სემენჩენკოსთან ჩაწერილია 2018 წლის დეკემბრის ბოლოს):


„შეხვედრა თბილისის რესტორან «Benya 18-21»-ში შედგა, რომელსაც სახელი 1918-21 წლების ქართველი პოლიტიკოსის, თბილისის იმდროინდელი მერის ბენია ჩხიკვიშვილის საპატივსაცემოდ დაერქვა. რესტორნის მფლობელი ლევან გრიგოლია ექს-პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილისა და მისი პარტიის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მტკიცე მხარდამჭერია, ამიტომაც აქ შესაბამისი საზოგადოება იკრიბება ხოლმე. მათი ერთმანეთთან საუბრის უპირველესი თემა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გარჩევაა, რომელსაც მიხოს თანამოაზრეები მთავრობის მიერ გაყალბებულად მიიჩნევენ: „ხელისუფლებამ სრულად გამოიყენა ადმინისტრაციული რესურსი, დაუკავშირდა „კანონიერ ქურდებს“, რომლებმაც თავიანთი კრიმინალიტეტი გამოგზავნეს. ჩვენი პარტიის ბევრი წევრი სცემეს“, - აღშფოთებით ლაპარაკობს რესტორნის მუდმივი კლიენტი ვახტანგ ივანიშვილი, თბილისის პროკურატურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი.


თავიანთი კანდიდატის დამარცხების შემდეგ „ნაციონალებმა“ თბილისის ცენტრალურ პროსპექტზე საპროტესტო მიტინგი მოაწყეს. იქვე დამონტაჟებული დიდი ეკრანიდან აქციის მონაწილეებს საზღვარგარეთ მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა წინააღმდეგობის გაწევისაკენ მოუწოდა. ეს იყო და ეს - ოპოზიციამ საერთო-სახალხო მხარდაჭერა ვერ მიიღო.


ყოფილი პრეზიდენტის მიმართ საქართველოში მართლაც ძალზე არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებიობს. „დიახ, ქვეყანაში მართლაც მძიმე ეკონომიკური სიტუაციაა და მოსახლეობა უკმაყოფილოა“, - ამბობენ რიგითი თბილისელები, - მაგრამ ბევრს მიხეილ სააკაშვილის დაბრუნება არ სურს. მათ ეშინიათ, რომ რუსეთთან ისევ ომი დაიწყება. ჩვენ კი ამდენი ომებისაგან უკვე დავიღალეთ - აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი... ქართველებს მშვიდობა გვსურს. დღეს ჩვენთან რუსეთიდან უამრავი ტურისტი ჩამოდის, რაც ძალიან კარგია - ისინი ხომ ჩვენს პროდუქციას ყიდულობენ, ჩვენს სასტუმროებში ცხოვრობენ, ფულს იხდიან...“.


თუმცა რესტორან «Benya 18-21»-ის კლიენტებს მიმდინარე მოვლენებზე სრულიად საწინააღმდეგო აზრი აქვთ: „იცით, ჩვენ აქ ყველა პატრიოტები და ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მოწინააღმდეგეები ვართ შეკრებილი“, - ამბობს რესტორნის მფლობელი. „აქციები კვლავ გაგრძელდება?“, - ვეკითხები. „ჩვენ ჯერ მზად არ ვართ პასუხი გაგცეთ ამ კითხვაზე. ამჟამად პარტიაში ცვლილებები მიმდინარეობს. სხვათა შორის, აღმასრულებელ კომიტეტში თქვენთვის, უკრაინელებისთვის კარგად ცნობილი ხატია დეკამნოიძეც იქნება შეყვანილი. იგი აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას დაუბრუნდა“, - ამბობს ვახტანგ ივანიშვილი.


სწორედ ამ მომენტში რესტორანში სემიონ სემენჩენკოც გამოჩნდა.


- როცა ბინა ფილარმონიასთან ახლოს, ძველი შენობის მე-5 სართულზე დავიქირავე, აღმოჩნდა, რომ მესამე სართულზე თურმე ამავე კორპუსის პირველ სართულზე არსებული რესტორნის მფლობელი ცხოვრობს. ლევანმა ყავის დასალევად მიმიწვია. ამის შემდეგ აქ თითქმის ყოველდღე შემოვდივარ“, - მიხსნის ვერხოვნა რადას დეპუტატი.


- სემიონ, როდის და რისთვის ჩამოხვედით საქართველოში? უკრაინაში ხმები გავრცელდა, რომ ქართულმა პოლიციამ თქვენც დაგაკავათ...


- არა, ეს ტყუილია. მე თბილისში 28 ნოემბერს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიწვევით ჩამოვედი, დამკვირვებლად. ამის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი არსებობს. აქ უკრაინიდან, ჩემს გარდა, სხვა სახალხო დეპუტატებიც ჩამოვიდნენ.


- და თანამებრძოლები რატომღა წამოიყვანეთ საქართველოში?


- ჩემთან ერთად მხოლოდ დონბასის“ ყოფილი მოხალისეები ალექსანდრე ნოვიკოვი და როლანდ მელია წამოვიდნენ, სხვები კი მოგვიანებით შემოგვიერთდნენ. ისინი ადრე იქნენ უკრაინიდან დეპორტირებულები. გადავწყვიტეთ მათი მონახულება, ქართული სტუმართმოყვარეობის გათვალისწინებით. ჩვენ საერთოდ არ გვიფიქრია რაიმე მიტინგებში მონაწილეობა.


- აბა მაშ რის საფუძველზე გაუჩნდათ ეჭვები საქართველოს ხელისუფლებას ოპოზიციის მიტინგში თქვენი მონაწილეობის საკითხში?


- ბიჭებს სასტუმროში იარაღი ჩაუდეს - რამდენიმე დაჟანგებული პისტოლეტი, ავტომატის მასრები და გრანატები. მათ სასტუმროს ნომრებში ყველას შეეძლო შესვლა, გასაღები პორტიეს ჰქონდა, სხვა მოსამსახურეებსაც. სხვათა შორის, მაქვს ინფორმაცია, რომ ბიჭებს საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის მომენტიდანვე უთვალთვალებდნენ.


- როგორი პირობები აქვთ თქვენს თანამებრძოლებს საპყრობილეში? სცემდნენ? ნათესავებს უშვებენ მოსანახულებლად?


- არა, არ უცემიათ. ნათესავებს არ უშვებენ, ეს საქართველოს კანონით აკრძალულია. ერთ-ერთი სხვა ქართველ პატიმრებთან ერთადაა საკანში, დანარჩენი კი ცალკეულ საკნებში. თვენახევრით. იანვრის შუა რიცხვებში სასამართლოს კიდევ ერთი სხდომა გაიმართება. გამოძიება მიმდინარეობს. გვყავს ადვოკატები... მე ვფიქრობ, რომ ბიჭებს გამოუშვებენ. მანამდე კი ყველანაირად ვეხმარებით - ფული შევუგროვეთ და ბარათებზე ჩავურიცხეთ, რომ მათ საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები იყიდონ. გადავეცით უკრაინული და რუსული წიგნები, ტანსაცმელი... სხვათა შორის, ვესაუბრე საპყრობილეს ხელმძღვანელებს. მათ მითხრეს, რომ ძალიან არასასიამოვნოა, რომ ასეთი ამბავი მოხდაო. ისინი პატივს სცემენ უკრაინელ მოხალისეებს და ესმით, რომ მათი დაკავების ვერსია ბოდვას ჰგავს: როგორ შეიძლება ბიჭებს სახელმწიფო გადატრიალების მფოწყობის მცდელობა დააბრალო, რომლებმაც თითქოს თვითმფრინავით დაჟანგებული პისტოლეტები ჩამოიტანეს...
(...)


- თუ თქვენი თანამებრძოლების დაკავება პროვოკაციაა, მაშინ ვინ დგას პროვოკაციის უკან? ვისთვისაა ეს სასარგებლო, ვის აწყობს?


- მომხდარი ფაქტი ერთმნიშვნელოვნად აწყობს უკრაინის ხელისუფლებას. მე მხოლოდ ის ვერ გავიგე, კონკრეტულად რომელი ხაზით მოეწყო ეს ყველაფერი - პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ხაზით თუ შინაგან საქმეთა მინისტრის არსენ ავაქოვის მიერ. უფრო მგონია, რომ ეს „ავაქოველების“ ხელწერაა.


- და რატომ აკეთებენ ამას?


- ვფიქრობ, უკრაინაში მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებას ამზხადებენ. ხელისუფლებას სურს, რომ აქტიური ადამიანები თავიდან მოიშორიოს - ის ადამიანები, რომლებსაც გაყალბების გამო ხელისუფლების წინააღმდეგ აქციების მოწყობა შეუძლიათ. სწორედ ამიტომ დევნიან „დონბასის“ წევრებს. შეხედეთ და წაიკითხეთ, როგორ ფეიკებს ავრცელებს ჩვენზე უკრაინის ხელისუფლება...


- თქვენ ამბობთ, რომ ეს ყველაფერი „ავაქოველებმა“ მოაწყესო. როგორ შეძლო უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში „დონბასელების“ დაკავება?

- ვფიქრობ, რომ არსენ ავაქოვმა პირადი კავშირებით ისარგებლა. მან შეატყობინა ქართველ კოლეგებს და დააშინა - არიქა, თქვენთან „ბოევიკები“ მოდიანო, თუმცა ჩვენი ბიჭები „ბოევიკები“ კი არ არიან, არამედ ვოლონტერები - მოხალისეები...


- და საქართველოს ხელისუფლებას მართლაც შეეშინდა? ასე უბრალო შეტყობინებით...


- დიახ, დიახ... წაიკითხეთ, რას წერს რუსული და უკრაინული ოლიგარქული პრესა, რომლის ფონზე კაცი მართლაც შეშინდება! მათ ასეთი სიტუაცია აწყობთ. ეს უკრაინული და ქართული ხელისუფლების ერთობლივად ჩაფიქრებული პროვოკაციაა. მათ უკრაინული და ქართული ოპოზიციის „გაშავება“ უნდათ...


- თქვენ საქართველოში უკვე ერთი თევეა იმყოფებით. როგორ შეაფასებდით აქაურ სიტუაციას?


- ჩვენთვის ქართველები, თავიანთი მენტალიტეტით და ბედით, ალბათ, მთელ დსთ-ში ყველაზე ახლოს დგანან. მაგრამ ჩვენგან განსხვავებით, აქ რეფორმები რეალურად გატარდა. უბრალოდ, მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი წინ უფრო სწრაფად მიდიოდა, ვიდრე ქართველების ცნობიერება იცვლებოდა. ამიტომაც ბევრმა ქართველმა ვერ გაიგო, თუ რას აკეთებდა პრეზიდენტი. უკრაინაში რეფორმებზე მხოლოდ ლაპარაკობენ და მათ არ ახორციელებენ. სწორედ ამაშია განსხვავება ჩვენს შორის...


- რას იტყოდით საქართველოში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებზე?


- ფაქტიურად, საქართველოს არჩევნები ჩვენი საპრეზიდენტო არჩევნების რეპეტიციად მიმაჩნია. მე ყურადღება გავამახვილე რამდენიმე მომენტზე: პირველი - ხელისუფლებამ მოსახლეობას ბანკის ვალების ჩამოწერა აღუთქვა; მეორე - ხელისუფლებამ კრიმინალებით ოპოზიციის მომხრეები დააშინა და მესამე - ხელისუფლებამ უკიდურესად აგრესიული რეკლამა გამოიყენა. ბილბორდები მიხეილ სააკაშვილისა და მისი ყოფილი მინისტრების კარიკატურული გამოსახულებით მთელ საქართველოში იყო გამოფენილი.


- თქვენ გჯერათ, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნდება?


- ჩემთვის ძნელია ამ კითხვას ერთმნიშვნელოვნად ვუპასუხო. ეს მაინც საქართველოს საშინაოპოლიტიკური საკითხია. ისე კი ვიტყოდი, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ „ნაციონალებს“ აშკარა ლიდერი არ ჰყავდათ, ამიტომაც პროტესტების ორგანიზება არ გამოუვიდათ. ოლიგარქულმა პრესამ ოპოზიციის საპროტესტო აქციები და სამოქალაქო დაუმორჩილებლობა ხალხის წინაშე საფრთხობელებად წარმოადგინა. ვფიქრობ, საქართველოში ხელისუფლების შეცვლის დრო ჯერ კიდევ არ დამდგარა, ორი წლის შემდეგ კი ეს ნამდვილად მოხდება, თანაც აბსოლუტურად დემოკრატიული გზით. ოპოზიციის სასარგებლოდ ხმის მიმცემთა რაოდენობა მატულობს: თუ წინა არჩევნებზე 600 ათასი იყო, ახლა 900 ათასია. გარდა ამისა, იანვრიდან თბილისში კომუნალური ტარიფები იზრდება. პლუს ამ წლის მოუსავლიანობა... როცა მოსახლეობის უმრავლესობა საკუთარ ტყავზე იგრძნობს, თუ რას აკეთებს ამჟამინდელი ხელისუფლება, მაშინ სიტუაცია შეიცვლება. მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს.





წყარო: «Страна» (უკრაინა)

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930