გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული ოგიუსტ როდენის ქანდაკების ავთენტიკურობის დადასტურების საკითხზე კულტურის კომიტეტში შეხვედრა გაიმართა

17-11-2026

საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის პირველ მოადგილეს, ნიკა ახალბედაშვილს და შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის საზღვარგარეთის ქვეყნების ხელოვნების ფონდის ლაბორანტს, ანა კერძევაძეს შეხვდა.


შეხვედრაზე საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული ფრანგი მოქანდაკის, ოგიუსტ როდენის ბრინჯაოს ქანდაკების - „მარადიული გაზაფხულის" ავთენტიკურობის დადასტურების საკითხი განიხილეს.


„დადგინდა, რომ საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული ოგიუსტ როდენის ცნობილი ბრინჯაოს ქანდაკება - „მარადიული გაზაფხული" არის ორიგინალი, რაც ოფიციალურად დაადასტურა პარიზის როდენის მუზეუმმა და შესაბამისმა კომიტეტებმა. ქანდაკება ჩამოსხმულია 1900 წელს. ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა ჩვენი სამუზეუმო სისტემისთვის, ვინაიდან საქართველო შევიდა იმ ქვეყნების რიცხვში, რომლებიც აღნიშნულია პარიზის როდენის მუზეუმის მსოფლიო რუკაზე", - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.


მისივე თქმით, აღნიშნული ფაქტი მნიშვნელოვანი მოვლენაა საქართველოს სამუზეუმო სისტემისთვის და ხელს შეუწყობს ქვეყნის საერთაშორისო ცნობადობისა და ტურისტული პოტენციალის ზრდას.


კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მუზეუმის წარმომადგენლებს მნიშვნელოვანი აღმოჩენა მიულოცა და შემდგომ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30