18-11-2026
საკონსტიტუციო სასამართლოში, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საქმეზე განხილვისას, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ 2024 წლის აპრილში გამართული საპროტესტო აქციები გაიხსენა.
მისი თქმით, აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს და მათ სხვადასხვა საგანი დაუშინეს. მომხდარის შედეგად დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი, ხოლო პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 14 პირი დააკავა.
„15 აპრილი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია დილით პარლამენტის უკანა შესასვლელთან დაიწყო, საღამოს კი მონაწილეები რუსთაველის გამზირზეც შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს, სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. დაშავდა შსს-ის ერთი თანამშრომელი, რომელსაც სამედიცინო დახმარება გაეწია.
პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 14 პირი დააკავა. 16 აპრილი - პარლამენტის შენობასთან აქციის მონაწილეები პოლიციელებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და მათი მიმართულებით ქვები, ბოთლები და სხვა ბლაგვი საგნები ისროლეს. დაშავდა შსს-ს ერთი თანამშრომელი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. 18 აპრილი - 18 აპრილს მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გამართულ აქციაზე მონაწილეების მხრიდან არაერთხელ განხორციელდა ძალადობრივი ქმედებები.
აქციის რამდენიმე მონაწილე არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას პროტესტი მშვიდობიანი ფორმით გამოეხატათ, რის შედეგად ადმინისტრაციული წესით დააკავეს 2 პირი. სამართალდამცველებმა ერთ-ერთი დაკავებული პირისგან ცივი იარაღი ამოიღეს. 30 აპრილს, აქციის მონაწილეებმა, დაახლოებით დილის 11:00 საათიდან დაიწყეს შეკრება პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან, სადაც მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა აქცია. სამართალდამცველები, როგორც ყველა შეკრებისა და მანიფესტაციის დროს, ადგილზე იმყოფებოდნენ და იცავდნენ საზოგადოებრივ წესრიგს და მოქალაქეების უსაფრთხოებას.“ - განაცხადა გორდულაძემ.
13-05-2026