გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის გენერალურ მდივანს შეხვდა

30-01-2021

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე პრეზიდენტი, ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის გენერალურ მდივანს, ანდრეას კიფერს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს. საუბარი ასევე, შეეხო საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს, ასევე, თვითმმართველობისა და რეგიონული პოლიტიკის კიდევ უფრო გაძლიერების მნიშვნელობას. მხარეებმა შემდგომი თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაადასტურეს. შეხვედრაში მონაწილეობას, ასევე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრი და კონგრესის ვიცე პრეზიდენტი, თამარ ტალიაშვილი და დეპუტატი გიორგი ხოჯევანიშვილი იღებდნენ.

„საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ძალიან აქტიური თავმჯდომარე იყო და სხვადასხვა აქტორებთან თანამშრომლობა იყო შესანიშნავი. გასულ წელს კონგრესის პრეზიდენტმა საქართველოში ძალიან ნაყოფიერი ვიზიტი განახორციელა. ჩვენ გავმართეთ მაღალი დონის შეხვედრები, სადაც გაგვაცნეს დეცენტრალიზაციის რეფორმის შედეგები და შემდგომი ნაბიჯები. კონგრესი დაინტერესებულია დიალოგის გაგრძელებით და ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან ადამიანები, რომლებმაც იციან რას ნიშნავს ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატია. კონგრესსა და საქართველოს პარლამენტს შორის დამაკავშირებელი ხიდი იქნება კონგრესის ვიცე პრეზიდენტი, თამარ ტალიაშვილი. ჩვენ მოველით თანამშრომლობას მომავალ წელსაც",- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ანდრეას კიფერმა.

თამარ ტალიაშვილის განცხადებით, კონგრესის გენერალური მდივანი მხარს უჭერს საქართველოში მიმდინარე რეფორმებს.

„ევროპის საბჭოს კონგრესი ევროპის კონტინენტზე ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანიზაციაა, რომელიც იკვლევს და მუშაობს იმ საკითხებზე, რომელიც ეხება თვითმმართველობებში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის საკითხებს. აქედან გამომდინარე, ამ ორგანიზაციის მდივნის სრული მხარდაჭერა საქართველოში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. წელს საქართველოში იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და მზაობა ამ ძალიან მნიშვნელოვანი ორგანიზაციისა, რომ იყოს ამ პროცესების თანამონაწილე, არის ჩვენი ქვეყნის ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და წინგადადგმული ნაბიჯი",- განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის წევრის, გიორგი ხოჯევანიშვილის თქმით, საქართველოს პარლამენტი კონგრესთან კიდევ უფრო აქტიურად ითანამშრომლებს.

„მნიშვნელოვანია ისეთი მაღალი თანამდებობის პირის, როგორიც არის ევროპის საბჭოს კონგრესის პრეზიდენტის მხარდაჭერა. გვქონდა ძალიან საქმიანი შეხვედრა, ვისაუბრეთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის დეცენტრალიზაცია, თვითმმართველობის კიდევ უფრო გაძლიერება, რეგიონული პოლიტიკის გაძლიერება და მხარდაჭერა, ამიტომ ჩვენ აქტიურად ვაპირებთ შემდგომ პერიოდში კონგრესთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობას",- განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, გაამართლა თუ არა ტაქსების რეფორმამ დედაქალაქში?

სხვა გამოკითხვები

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2021    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31