გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შსს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც მათი თანამშრომლები პროსტიტუციას მფარველობენ, მიზანმიმართულ დისკრედიტაციად აფასებს

31-01-2021

შინაგან საქმეთა სამინისტრო გარკვეული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც მათი თანამშრომლები პროსტიტუციას მფარველობენ, მიზანმიმართულ დისკრედიტაციად აფასებს. უწყების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"გვსურს, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია "ფორმულას" და "ტვ პირველის" ეთერში გასულ სიუჟეტებს, სადაც კვლავ მტკიცებით ფორმაში ხდება პოლიციის თანამშრომელთა დადანაშაულება და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიზანმიმართული დისკრედიტაცია.

ტელეკომპანია "ფორმულას" სიუჟეტში, ყოველგვარი დასაბუთებისა და მტკიცებულებების გარეშე, პოლიციას პროსტიტუციის მფარველობაში ადანაშაულებენ. სიუჟეტის ავტორი საზოგადოებას მტკიცებით ფორმაში აწვდის ინფორმაციას, ციტატა მათივე სიუჟეტიდან - „პოლიცია მფარველობს პროსტიტუციას“.

დღევანდელ რეპორტაჟში შინაგან საქმეთა მინისტრის კომენტარის ინტერპრეტირება მოახდინეს, თითქოსდა პოლიციის მანქანას რაიმე კავშირი ჰქონდა მათ მიერ მომზადებულ რეპორტაჟთან.

მიუხედავად იმისა, რომ მათ ჯერ კიდევ გასულ კვირას, რეპორტაჟის გასვლის წინ მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ მათ მიერ დასახელებული პირები არ არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, კვლავ გააგრძელეს ცრუ ინფორმაციის ტირაჟირება.

ასევე, მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ჰქონდა ადგილი "ტვ პირველის" მიერ მომზადებულ რეპორტაჟში, კერძოდ, მათ მტკიცებით ფორმაში დაადანაშაულეს პატრულ-ინსპექტორი ნარკოტიკული საშუალების გადატანაში, გამოაქვეყნეს მისი ფოტოსურათი და საზოგადოებას მიაწოდეს ინფორმაცია, თითქოს ამ პირის ნარკოტიკულ საშუალებებთან კავშირის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რაზეც უწყებამ რეაგირება არ მოახდინა.

ასევე, საზოგადოებას მიაწოდეს აბსურდული ვერსია, რომ პოლიციის თანამშრომელი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, გასულ კვირას დააკავა, თითქოსდა კავშირში იყო "ტვ პირველის" ეთერში გასულ სიუჟეტში დასახელებულ პატრულ-ინსპექტორთან.

ის, რომ მათ მიერ დასახელებული პატრულ-ინსპექტორი არ ყოფილა დაკავებული ან შეჩერებული ნარკოტიკების გადატანის გამო, ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა "ტვ პირველის" ჟურნალისტს კომენტარის დროს განუმარტა. მინისტრის ამ კომენტარის შემდგომ, პრესსამსახურმა დამატებით, კიდევ ერთხელ განუმარტა რეპორტაჟის ავტორს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა სიმართლეს.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად რეაგირებს თითოეულ სამართალდარღვევაზე, მათ შორის მედიაში გასულ არგუმენტირებულ, დადასტურებულ ინფორმაციაზე"- ნათქვამია განცხადებაში.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, გაამართლა თუ არა ტაქსების რეფორმამ დედაქალაქში?

სხვა გამოკითხვები

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2021    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31