გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლაშა ხუციშვილი: უმნიშვნელოვანესი იყო სავალუტო ფონდის პროგრამის მხარდაჭერა საქართველოსათვის ამბიციური რეფორმების განხორციელების პროცესში

17-04-2021

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერილი "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის" პროგრამის მერვე მიმოხილვის დასრულებასთან დაკავშირებით, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ და სსფ-ის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, სუბირ ლალმა (Subir Lall) ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

ვიდეოკონფერენციაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ, ხაზი გაუსვეს სავალუტო ფონდის პროგრამის მნიშვნელობას, როგორც ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის, ისე covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ქვეყნის მხარდაჭერის მიმართულებით.

ფონდის შეფასებით, ხელისუფლებამ გამოიყენა ადეკვატური და მართებული ღონისძიებები პანდემიის ეკონომიკური და სოციალური გავლენის შესამსუბუქებლად.

როგორც ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, უმნიშვნელოვანესი იყო პროგრამის მხარდაჭერა საქართველოსათვის ამბიციური რეფორმების განხორციელების პროცესში.

მისი თქმით, სამწუხაროდ, გლობალურმა პანდემიამ მნიშვნელოვნად შეაფერხა ქვეყანაში მიმდნარე პოზიტიური ტენდენციები.

„ასეთ ვითარებაში უმნიშვნელოვანესი იყო, რომ ჩვენ პანდემიას შევხვდით საკმაოდ წარმატებული მიმდინარე პროგრამით. მან საშუალება მოგვცა, სწრაფად მიგვეღო საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერა და წარმატებით გაგვევლო ამ გამოწვევის პირველი ეტაპი. საერთაშირისო სავალუტო ფონდისა და ჩვენი პარტნიორი დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, ამ ურთულეს პერიოდში შევძელით მაქსიმალურად მოგვეცვა ყველა დაზარალებული ბიზნეს და სოციალური ჯგუფი და შეგვემსუბუქებინა კრიზისის უარყოფითი შედეგები. ამ ნაბიჯების ეფექტურობას ხაზს უსვამს შემფასებელი მისიაც. მათი შეფასებით, ჩვენ მიერ გატარებული ეკონომიკის მხარდამჭერი და სოციალური პროექტები წარმატებული აღმოჩნდა და მნიშვნელოვნად შეაკავა პანდემიის სოციალური და ეკონომიკური ეფექტები", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის გამო ქვეყნის ეკონომიკა 2020 წელს 6.2 პროცენტით შემცირდა, მიმდინარე წლის მეორე კვარტლიდან მოსალოდნელია ეკონომიკის აღდგენა.

„მისიის ფარგლებში, შეთანხმებული პროგნოზის მიხედვით, წელს, ჩვენი ეკონომიკა 3.5%-ით, 2022 წელს 5.8%-ით, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში 5.2 პროცენტით გაიზრდება", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

როგორც მან აღნიშნა, ჩვენი ქვეყნის საშუალოვადიანი აღდგენის პერსპექტივა მაღალია არამარტო რეგიონში, არამედ ევროპაში.

„ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ იგივე პოლიტიკას და დავაგროვებთ ბუფერებს, რათა ეკონომიკას ყოველთვის გააჩნდეს უნარი გაუმკლავდეს გამოწვევებს", - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.
ფინანსთა მინისტრმა, კიდევ ერთხელ, ხაზი გაუსვა რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობას გრძელვადიანი ზრდის პერსპექტივის შესანარჩუნებლად.

„პანდემიის მიუხედავად, მნიშვნელოვანი იყო მთავრობის მიერ 2020 წელს განხორციელებული სტრუქტურული რეფორმები, პენსიების ინდექსირება, დღგ-ს სრულად ავტომატური დაბრუნების სისტემის, გადახდისუუნარობისა და ბანკების რეზოლუციის ჩარჩოს შექმნა. ჩვენი მთავრობა იყო და რჩება რეფორმების ერთგული არამხოლოდ აღმავლობის, არამედ სირთულეების დროსაც", - განაცხადა მინისტრმა.
მან კონსტრუქციული თანამშორმლობისათვის მადლობა გადაუხადა შემფასებელი მისიის ხელმძღვანელს, სუბირ ლალს და მის გუნდს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში, სელიმ ჩაკირსა და მის ოფისს, ასევე, სსფ-ის მისიის ყოფილ ხელმძღვანელს, მერსედეს ვერა მარტინს.

„მჯერა, რომ ეს პროგრამა დარჩება ერთ-ერთ თვალსაჩინო პროგრამად, როგორც წარმატებით განხორციელებული რეფორმების, ასევე, წარმატებით გადატანილი სირთულეების თვალსაზრისით", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, გაამართლა თუ არა ტაქსების რეფორმამ დედაქალაქში?

სხვა გამოკითხვები

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2021    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31