გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა და მოდერნიზაცია იმ მნიშვნელოვან ძალისხმევათა შორისაა, რომელსაც ვახორციელებთ, რათა საგარეო საფრთხეების მიმართ მეტად გამძლე ვიყოთ

14-06-2021

არა მარტო ჩემი ქვეყანა, არამედ რეგიონის, ევროპისა და მის ფარგლებს გარეთ მყოფი ქვეყნებიც მოექცნენ უსაფრთხოების ახალი საფრთხეების წინაშე და თავის დასაცავად გზებსაც ეძებენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელის ფორუმზე მიმართვისას განაცხადა, რომელშიც მსოფლიო ლიდერებთან ერთად მიიღო მონაწილეობა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, დღეს სახეზეა სისტემური და ღირებულებითი კონკურენცია, რომელიც დემოკრატიის მიმართ ავტორიტარიზმის მზარდი შეტევებით ხასიათდება.

„ჩვენ ვცხოვრობთ ტურბულენტურ ეპოქაში, როდესაც თვალშისაცემია საერთაშორისო სამართლისა და მრავალმხრივი ჩართულობის პრინციპებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის წინაშე მდგარი განსაკუთრებული გამოწვევები. ამ გამოწვევებს გარკვეული სუბიექტები იყენებენ, რათა დაუფარავად აღუდგნენ წინ ან ფარულად გამოუთხარონ ძირი ამ სისტემას - სისტემას, რომელიც მოწოდებულია, უზრუნველყოს მსოფლიოს პროგნოზირებადობა, მშვიდობიანი გზით გადაჭრას დავები და დაიცვას ყველა ქვეყნის უსაფრთხოება, მიუხედავად მათი ზომისა თუ გეოგრაფიული მდებარეობისა. ჩვენ თვალ-ყურს ვადევნებთ სისტემურ და ღირებულებით კონკურენციას, რომელიც დემოკრატიის მიმართ ავტორიტარიზმის მზარდი შეტევებით ხასიათდება. ჰიბრიდული ომის ვარიაციები აღნიშნული კონკურენციის განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახასიათო ნიშნად იქცა და დემოკრატიული ქვეყნები მისი მიმღების როლში აღმოჩდნენ, თან ხშირად დაუცველნი და მოწყვლადი არიან. ამ გამოწვევებთან წინააღმდეგობა და მათგან თავდაცვა მოითხოვს ინფორმირებულობას, ერთიანობას და თანმიმდევრულ, გააზრებულ და შემოქმედებით მიდგომებს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაური ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტსაც გამოეხმაურა და აღნიშხნა, რომ ალიანსი საუკეთესოდ არის აღჭურვილი აღნიშნული საფრთხეების წინააღმდეგ საბრძოლველად საჭირო ცოდნისა და რესურსების მობილიზაციის გზით.

„ნიშანდობლივია, რომ ჩვენი საუბრისას, ბრიუსელში იმართება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტი, სადაც ყურადღება ეთმობა ჰიბრიდული საფრთხეებისა და მდგრადობის საკითხებს, რადგან ალიანსს აქვს ადაპტაციის უნარი და საუკეთესოდ არის აღჭურვილი აღნიშნული საფრთხეების წინააღმდეგ საბრძოლველად საჭირო ცოდნისა და რესურსების მობილიზაციის გზით. დიდი ხნით ადრე, ვიდრე ჰიბრიდული საფრთხეები გამოიკვეთებოდა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისა და სამეცნიერო წრეების საუბრებში, საქართველომ თავად გამოიარა მისი დესტრუქციული ეფექტი. საქართველო, დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, განიცდის ეკონომიკურ, ენერგეტიკულ და სავაჭრო ბლოკადებს, კიბერშეტევებს, საინფორმაციო ომებს და სხვა სახის არატრადიციულ თუ ტრადიციულ ომებს. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაციის და ამ ტერიტორიების დესტრუქციული პოლიტიკის პოლიგონად გამოყენების პირობებში, ხსენებული მტრული მოქმედებები დღემდე გრძელდება. აღსანიშნავია, რომ არა მარტო ჩემი ქვეყანა, არამედ რეგიონის, ევროპისა და მის ფარგლებს გარეთ მყოფი ქვეყნებიც მოექცნენ უსაფრთხოების ახალი საფრთხეების წინაშე და თავის დასაცავად გზებსაც ეძებენ. ამრიგად, ძალზე მნიშვნელოვანია თანამოაზრე სახელმწიფოების გაერთიანება, ინსტრუმენტებისა და გამოცდილების გაზიარება მდგრადობის გასაზრდელად, რაც გადამწყვეტ ცნებად იქცა არა მხოლოდ სამხედრო, არამედ ბევრად უფრო ფართო თვალსაზრისით და საზოგადოების მდგრადობას მოიაზრებს, რომელიც ეფუძნება ადამიანის უფლებების, სამართლის უზენაესობის, კარგი მმართველობისა და საბაზრო ეკონომიკის საზიარო პრინციპებს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, დასავლეთის უძლიერეს დემოკრატიებსაც კი უჭირთ ამ ახალ გამოწვევებთან გამკლავება.

„მე ამაყად აღვნიშნავ, რომ საქართველომ რთულ პერიოდებში გამორჩეული გამძლეობა გამოავლინა და ცოტა რამ მაინც ისწავლა მათი დაძლევის შესახებ. საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა და მოდერნიზაცია იმ მნიშვნელოვან ძალისხმევათა შორისაა, რომელსაც ვახორციელებთ, რათა საგარეო საფრთხეების მიმართ მეტად გამძლე ვიყოთ", - განაცხადა პრემიერმა.

ბრიუსელის ფორუმზე, რომელიც 14-18 ივნისს მიმდინარე ნატო-ს სამიტის ფარგლებში იმართება, ირაკლი ღარიბაშვილი წამყვან სპიკერად არის დასახელებული ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან და მსოფლიო ლიდერებთან ერთად, რომელთა შორის იმყოფებიან თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდერ და კრო, ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი და სლოვაკეთის პრეზიდენტი ზუზანა ჩაპუტოვა.

ბრიუსელის ფორუმი თემატური პანელებისგან შედგება. საქართველოს მთავრობის მეთაური სიტყვით გამოვიდა პანელზე, სახელწოდებით Investing in Resilience, რომლის ფარგლებშიც ყურადღება გამახვილდა ნატო-ს მოკავშირეებს შორის მდგრადობის ინტეგრირებულ და კოორდინირებულ მიდგომაში ინვესტირების მნიშვნელობაზე.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, გაამართლა თუ არა ტაქსების რეფორმამ დედაქალაქში?

სხვა გამოკითხვები

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2021    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031