14-11-2023
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2023 წლის 1 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, უკანონო თევზჭერის 82 ფაქტი გამოავლინეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, მათგან 5 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
უკანონო თევზჭერის ყველაზე მეტი – 20 ფაქტი გამოვლინდა იმერეთში. მცხეთა-მთიანეთში დაფიქსირდა 16 სამართალდარღვევა. 15 ფაქტია გამოვლენილი შიდა ქართლში, კახეთში – 7, სამეგრელო-ზემო სვანეთშიც – 7, ქვემო ქართლში – 4, სამცხე-ჯავახეთში – 2, აჭარაშიც – 2, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში – 1. ასევე 2 ფაქტია აღკვეთილი დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლების მიერ. სამართალდარღვევები დაფიქსირდა დედაქალაქშიც – ოქტომბერში, თბილისში, უკანონო თევზჭერის 6 ფაქტი გამოავლინეს.
ბრაკონიერები უმეტეს შემთხვევაში იყენებდნენ ისეთ უკანონო თევზსაჭერ საშუალებებს, როგორიცაა სახლართი ტიპის ბადე, ელექტროშოკური მოწყობილობა და სხვა. დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღკვეთეს ელექტროშოკური მოწყობილობით თევზჭერის 8, სახლართი ტიპის ბადით – 67 და ე.წ. ჩოგან-ბადის გამოყენებით უკანონო თევზჭერის 4 ფაქტი. ასევე დალუქულია 7 ერთეული გასაბერი ნავი.
მიმდინარე წლის ოქტომბერში გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ჯამში, 1 050 მეტრზე მეტი სიგრძის სახლართი ტიპის ბადე და 7 ერთეული თევზმახე ამოიღეს. პრევენციული ღონისძიებები გატარდა თბილისის ზღვაზე, ბაზალეთის ტბაზე, ჟინვალის წყალსაცავზე, ასევე მდინარეებზე – მტკვარსა და ჭოროხზე.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის უკანონო თევზჭერის ფაქტების გამოვლენა, აღკვეთა და პრევენცია პრიორიტეტია. 2023 წლის 1 იანვრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით, უკანონო თევზჭერის 696 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 172 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
| « მაი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | 3 | ||||
| 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
| 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
| 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
| 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |