გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს თავდაცვის ძალების დაჭრილ-დაშავებული სამხედროები სპორტულ ღონისძიებაში წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, შოტლანდიიდან სამშობლოში დაბრუნდნენ

12-06-2025

საქართველოს თავდაცვის ძალების დაჭრილ-დაშავებული სამხედროები სპორტულ ღონისძიებაში წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, შოტლანდიიდან სამშობლოში დაბრუნდნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 


მათივე ცნობით, გუნდმა რთულ რელიეფზე მარშირებაში სამი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ოქროს ადგილისთვის ბრძოლა 24 საათის განმავლობაში 87 კილომეტრის დაძლევას ითვალისწინებდა, თუმცა, ქართველმა პარასპორტსმენებმა აღნიშნული დისტანცია 18 საათში დაფარეს.


სამხედრო მოსამსახურეებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი უჯმაჯურიძე და სხვა ხელმძღვანელი პირები დახვდნენ, ტურნირში წარმატებით გამოსვლა მიულოცეს და მხარდაჭერა კიდევ ერთხელ აღუთქვეს.


შოტლანდიაში სპორტულ ღონისძიებას „მარშირება რთულ რელიეფზე“, რომელიც მოკავშირე ძალების ფონდის (Allied Forces Foundation) ეგიდით ჩატარდა, ერთი კვირის განმავლობაში ქალაქი ედინბურგი მასპინძლობდა.


მასში აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, ავსტრალიის, კანადის, დანიისა და სხვა პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. საქართველოს დელეგაცია ჯგუფის ხელმძღვანელის, თავდაცვის სამინისტროს სპორტული სამსახურის თანამშრომლის, ზურაბ ჩაჩანიძისა და ხუთი დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურით იყო წარმოდგენილი.


ვიცე-პოლკოვნიკმა ბეჟან მეტრეველმა, ვიცე-პოლკოვნიკმა დავით ცენტერაძემ, უფროსმა სერჟანტმა ზურაბ დავითოშვილმა, უმცროსმა სერჟანტმა როლანდ მარტიროსოვმა, კაპრალმა ლერი გიკაშვილმა ტურნირში ოფიციალურად ჩართვამდე, ორთვიანი ინტენსიური მომზადება საქართველოში გაიარეს.


ღონისძიება მიზნად ისახავს დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობას. ტურნირი მსგავსი გამოცდილების მქონე სამხედროებთან კონტაქტის დამყარებისა და ინფორმაციის გაცვლის კარგი შესაძლებლობაა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ყოველწლიურ შეჯიბრებაში რეგულარულად იღებენ მონაწილეობას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031