გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ბაქრაძე ვიზალიბერალიზაციის პროცესში „ნაცმოძრაობის“ მიერ შექმნილ დაბრკოლებებზე: ეს უკვე აღარ არის პოლიტიკური ოპონირება და ჯანსაღი პროცესი, როდესაც მოსახლეობა ზარალდება იმ ბრძოლის გამო, რასაც ახორციელებ

23-06-2025

გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა დავით ბაქრაძემ 2012-2025 წლებში ზოგიერთი პოლიტიკოსის მიერ საქართველოს საგარეო პოლიტიკური ინტერესებისთვის ზიანის მიყენების საკითხის განხილვისას პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების პროცესზე ისაუბრა და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაწესებულ წინაპირობებსა და შექმნილ დაბრკოლებებზე ისაუბრა.


როგორც ბაქრაძემ განაცხადა, როდესაც პოლიტიკური ოპონირება სახელმწიფოსა და მოსახლეობასთან დაპირისპირების ფორმებს იღებს, ეს უკვე აღარ არის ჯანსაღი პროცესი, ვინაიდან, მოსახლეობა ზარალდება. მისი თქმით, სწორედ სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, ხელისუფლება ევროპელი პარტნიორების უსამართლო პოზიციების კრიტიკისას, ძალზე რბილი იყო, რათა, საბოლოო ჯამში, უვიზო მიმოსვლის პროცესი არ დაეზიანებინა.


„როდესაც პოლიტიკური ოპონირება უკვე იღებს სახელმწიფოსა და მოსახლეობასთან დაპირისპირების ფორმებს, ეს უკვე აღარ არის პოლიტიკური ოპონირება და ეს აღარ არის ჯანსაღი პროცესი. როდესაც მოსახლეობა ზარალდება იმ ბრძოლის გამო, რასაც ახორციელებ და გინდა, რომ ეს ოპონირებაში გამოიხატოს. ამიტომ მინდოდა ხაზი გამესვა იმისთვის, რომ ზოგჯერ ჩვენი ევროპელი პარტნიორების უსამართლო პოზიციების კრიტიკისას, ძალიან რბილები ვიყავით, იმიტომ, რომ სწორედ ოპონირებისთვის არ გადაგვეყოლებინა ის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რასაც უვიზო მიმოსვლა ერქვა. ამ დროს, ძალიან დიპლომატიურად და ფილიგრანულად ამ პროცესის წარმართვა იყო ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ ზუსტად იმ ხალხისგან, რომლებიც ამ გადაწყვეტილებებს იღებდნენ თუ შევხვდებოდით მათგან უსამართლო დამოკიდებულებას, ამაზე მითითება ძალიან ფრთხილი უნდა ყოფილიყო. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება პოლიტიკურად დამაზიანებელი ყოფილიყო, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ სახელმწიფო ინტერესებიდან, მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, ეს პროცესი ძალიან ფრთხილად წაგვეყვანა. აქ ჩანს განსხვავება, რას ნიშნავს ოპონირება ისე, რომ სახელმწიფო ინტერესები არ დაზიანდეს და მეორე მხრივ, რიგი მაგალითებისა, რომლებიც მე ჩამოვთვალე, მიუთითებს ამის აბსოლუტურად საპირისპიროზე“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031