გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ჯარის ბანაკი“ მეხუთე როტაციას მასპინძლობს

18-07-2025

თავდაცვის სამინისტროს პროექტი - „ჯარის ბანაკი“ აქტიურად მიმდინარეობს. კოჯრის გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემია და პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლა მოსწავლეთა მეხუთე როტაციას მასპინძლობს. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.


„თავგადასავლებითა და ემოციებით სავსე ბანაკი მოსწავლეებს დღის განმავლობაში ბევრ თეორიულ და პრაქტიკულ ღონისძიებას სთავაზობს.

მეხუთე როტაციის ფარგლებში, პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლა იმერეთისა და აჭარის რეგიონების საჯარო სკოლების მოსწავლეებს მასპინძლობს. საცეცხლე, საინჟინრო, სამედიცინო მომზადებების გარდა, საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ერთი დღე სამთო მომზადებას დაეთმო.


მოსწავლეებმა ინსტრუქტორების მეთვალყურეობით ხელოვნურ კლდეზე ცოცვის, თოკზე დაშვებისა და ავსტრალიური დაშვების სავარჯიშოები შეასრულეს, მოგვიანებით კი, ოცეულებს შორის ხელოვნურ კლდეზე ცოცვაში შეჯიბრება გაიმართა. ინსტრუქტორებმა ბანაკის მონაწილეებს სამთო აღჭურვილობა და ინვენტარი, მათი ფუნქცია და მოხმარების წესებიც გააცნეს.


საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად, პროექტს - „ჯარის ბანაკი“ მესამე წელია ახორციელებს. პროექტი ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და ქართული ჯარის შესახებ ინფორმირებულობას ისახავს მიზნად. პროექტი წარმატებით მიმდინარეობს, მის მიმართ მოსწავლეების მხრიდან ინტერესი უფრო და უფრო იზრდება. მიმდინარე წელს „ჯარის ბანაკში“ მე-9, მე-10 და მე-11 კლასების 1700-მდე მოსწავლე მონაწილეობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031