გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრესტიჟულ გერმანულ გამოცემაში „Wein+Markt“ ქართული ღვინის შესახებ სტატია დაიბეჭდა

4-08-2025

პრესტიჟულ გერმანულ გამოცემაში „Wein+Markt“ ქართული ღვინის შესახებ სტატია დაიბეჭდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 


„Wein+Markt“ წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან სპეციალიზებულ გამოცემას გერმანიის ღვინის კომერციული სექტორისთვის, რომელიც სამიზნე აუდიტორიას ბაზრის სიახლეებსა და თანამედროვე მოთხოვნებს სთავაზობს. აღნიშნულ გამოცემაში საუკეთესო ქართული ღვინოების და წარმოების ტრადიციების წარმოჩენა ხელს შეუწყობს გერმანიის ბაზარზე მათ პოპულარიზაციასა და გაყიდვების ზრდას.


სტატიაში საუბარია ქართული მეღვინეობის კულტურის, ტრადიციებისა და თანამედროვე ინდუსტრიის შესახებ. ამავდროულად, „Wein+Markt“ მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას ივნისის თვეში ჩატარებული დეგუსტაცია-კონკურსის შედეგად შერჩეულ 50-მდე ქართულ ღვინოზე.


ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და გერმანული მარკეტინგული კომპანიის „ff.k Public Relations“ ორგანიზებით, გამომცემლობასთან „Wein+Markt“ თანამშრომლობის ფარგლებში, ქართული ღვინის დეგუსტაცია-კონკურსი სახელწოდებით „Best of“ გერმანიის ქალაქ კელნში 16 ივნისს გაიმართა. პროფესიონალი ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ გაყიდვების სფეროს წარმომადგენლები, სომელიეები, ექსპერტები და ღვინის ჟურნალისტები.


სულ, კონკურსზე წარდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 72 კომპანიის ქვევრისა და კლასიკური მეთოდით დაყენებული ღვინის 100-მდე ნიმუში. ე.წ. „ბრმა დეგუსტაციის“ საფუძველზე შეირჩა და ჟურნალში დაიბეჭდა ინფორმაცია 32 კომპანიის 47 საუკეთესო ღვინის შესახებ.


ევროპაში ღვინის უდიდესი იმპორტიორი ქვეყანა გერმანია ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზრების ჩამონათვალს 2020 წლიდან დაემატა. ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, გერმანულ კომპანიასთან „ff.k Public Relations“ ღვინის ეროვნული სააგენტო თანამშრომლობა 2021 წლიდან დაიწყო და მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031