გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ხიდურელი: პროგრამით „გადაიღე საქართველოში" 65 კინოპროექტია მხარდაჭერილი, განხორციელებული ინვესტიციის რაოდენობამ 200 მილიონ ლარს გადააჭარბა

22-08-2025


სახელმწიფო პროგრამის „გადაიღე საქართველოში" ფარგლებში, საქართველოში ამერიკელი და ბრიტანელი კინოპროდიუსერების საქმიანი ტური გაიმართა. პროდიუსერებმა დაათვალიერეს კინოგადაღებისთვის საინტერესო ლოკაციები, გაეცნენ საქართველოში კინო და ტელე-წარმოების პროცესს და ადგილობრივი კინოსექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართეს.


როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა აღნიშნა, პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერილი კინოპროექტები ხელს უწყობს საქართველოს ცნობადობის ზრდას, როგორც ლამაზი ბუნების და უძველესი კულტურის მქონე ქვეყნის, რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახება ტურიზმის ინდუსტრიაზე. 


„მნიშვნელოვანია, რომ მოწვეულ პროდიუსერებს შორის იყო კომპანია HBO East Coast Production-ის ვიცე-პრეზიდენტი. იმედი გვაქვს, რომ საქართველოში ჰოლივუდურ პროექტებს მალე ვიხილავთ" - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.


სააგენტოს დირექტორის ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში 65 კინოპროექტია მხარდაჭერილი, განხორციელებული ინვესტიციის რაოდენობა კი 200 მლნ ლარს აღემატება. 


პროგრამას სააგენტო "აწარმოე საქართველოში" 2016 წლიდან ახორციელებს. მიხეილ ხიდურელის განცხადებით, პროგრამის პოპულარიზაცია აქტიურად ხდება სხვადასხვა წამყვან საერთაშორისო კინოფესტივალებსა თუ კინომარკეტებზე, მათ შორისაა: კანის და ბერლინის კინოფესტივალები, ანსის ანიმაციური ფილმების ფესტივალი და ამერიკული კინო ბაზრობა. შედეგად, საქართველო, როგორც კინოგადაღების მოედანი, სულ უფრო აქტუალური ხდება და უცხოელი პროდიუსერების დაინტერესებაც მატულობს.


როგორც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორმა აღნიშნა, პროგრამა ასევე ხელს უწყობს ადგილობრივი კინოინდუსტრიის განვითარებას, რადგან პროგრამის მიერ მხარდაჭერილ კინოპროექტებში, ძირითადად, ადგილობრივი კადრები არიან დასაქმებულნი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031