გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენი მიზანია, საქართველო მაღალტექნოლოგიური, გლობალური და ინოვაციური სტარტაპების ჰაბად ჩამოყალიბდეს

17-09-2025

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 150,000 - ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამაში გამარჯვებულთა დაჯილდოებას დაესწრო. 20 გამარჯვებული სტარტაპი სპეციალურად თანადაფინანსების გრანტების პროგრამისთვის შერჩეულმა უცხოელმა ექსპერტებმა გამოავლინეს. პროგრამა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ მეთოთხმეტედ გამართა. სულ თანადაფინანსების საგრანტო პროგრამების ფარგლებში, ჯამურად, 264 სტარტაპმა 43.5 მლნ. ლარის დაფინანსება მიიღო, აღნიშნული სტარტაპების მიერ მიღებული კერძო სარგებლის მოცულობამ 700 მლნ. ლარი შეადგინა.


როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, ინოვაციური სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარება ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტია. მინისტრის თქმით, საქართველოს ხელისუფლებისთვის სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარება და ხელშეწყობა ყოველთვის იყო, არის და იქნება განსაკუთრებული ზრუნვის საგანი. „ჩვენი მიზანია, საქართველო მაღალტექნოლოგიური, გლობალური და ინოვაციური სტარტაპების ჰაბად ჩამოყალიბდეს," - აღნიშნა მინისტრმა.


მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, დღევანდელი სტარტაპ ეკოსისტემის სიმწიფისა და არსებული საჭიროებების მოკვლევის საფუძველზე, მთავრობამ საქართველოს ბაზარზე ამერიკული და ევროპული წამყვანი 4 აქსელერატორი შემოიყვანა. „აქსელერაციის პროგრამა თანადაფინანსების საგრანტო პროგრამის ლოგიკური გაგრძელებაა. ის წლიურად 160 სტარტაპს მოიცავს. პროგრამა ადგილობრივ სტარტაპებს წვდომას მისცემს გლობალურ ბაზრებზე, საერთაშორისო ქსელსა და დამატებით ინვესტიციებზე. პროგრამაში ჩართული სტარტაპების საგრანტო დაფინანსება 150,000 ლარიდან 200,000 ლარამდე გაიზრდება," - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.


მინისტრმა ასევე კიდევ ერთ ინიციატივას გაუსვა ხაზი - სახელმწიფო ინოვაციური სტარტაპებისთვის უპრეცედენტო საგადასახადო რეჟიმს აწესებს, რომელიც ძალაში 24 სექტემბრიდან შევა - სტარტაპები სამი წლის განმავლობაში ისარგებლებენ 0%-იანი საგადასახადო განაკვეთით. მარიამ ქვრივიშვილის თქმით, სტარტაპების გარდა, უნიკალური საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ მცირე და საშუალო ზომის საწარმოები და კვლევასა და განვითარებაზე (R&D) ორიენტირებული კომპანიები.


ოთხი საერთაშორისო აქსელერატორი - ამერიკული Plug and Play, 500 Global და Founder Institute, აგრეთვე ევროპის ერთ-ერთი უდიდესი სტარტაპების აქსელერატორი, დანიური Startupbootcamp - ი, ადგილობრივი სტარტაპებისგან განაცხადების მიღებას 2026 წლის დასაწყისიდან დაიწყებენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031