გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პოლიციამ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 7 პირი დააკავა

11-11-2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

უწყების ცნობით, დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
მათ ბრალი ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვაში, რეალიზაციასა და რეალიზაციის ხელშეწყობაში.

დანაშაულები 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე, ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: 300 გრამზე მეტი „მეთადონი“, 250 გრამამდე „ალფა-პვპ“, „მარიხუანა“ და ფსიქოტროპული ნივთიერება „პრეგაბალინი“.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, ელექტრო სასწორები, ბრალდებულების მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკი და, სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე ტერცია, 260-ე კვარტა და 261-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031