გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პროკურატურამ თაღლითობისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტზე კიდევ ორ პირს ბრალდება წარუდგინა

8-12-2025


საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის წევრების მიერ სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისა და მოტყუებით თანხის დაუფლების ფაქტზე კიდევ ორ პირს ბრალდება წარუდგინა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულია კიდევ ორი პირი, რომელთაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.


შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის აგვისტოდან ნოემბრის ჩათვლით, თბილისში და რუსთავში, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა მათივე სარგებლობაში არსებული ავტომობილები განზრახ შეაჯახეს დაზარალებულთა ავტომობილებს.


აღნიშნული ქმედებით ბრალდებულებმა ხელოვნურად შექმნეს ვითარება, რომლის მიხედვითაც თითქოსდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა დაზარალებულთა ბრალეულობით იყო გამოწვეული და მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით, სამ დაზარალებულს საერთო ჯამში 6 420 ლარის მატერიალური ზიანი მიაყენეს.


დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ" ქვეპუნქტით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" და მე-4 ნაწილის „ა" ქვეპუნქტებით (სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად და სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


საზოგადოებას უკვე მიეწოდა ინფორმაცია, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში, ბრალდებულებს საერთო ჯამში უფიქსირდებათ, სავარაუდოდ იდენტური დანაშაულებრივი სქემის გამოყენებით საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების 63 ფაქტი, რომელთაგანაც 60 შემთხვევაში ადმინისტრაციული წარმოებისას ისინი გამართლებული იქნენ. შესაბამისად, გამოძიების მიერ მოხდა დამატებით ახალი მტკიცებულებების მოპოვება. გამოძიების მოცემულ ეტაპზე გამოვლენილია ორგანიზებული ჯგუფის წევრები, რომელთაგან დაკავებულია 4 (ოთხი) პირი.


როგორც აღვნიშნეთ, საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოხდება ყველა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დეტალური შესწავლა, ხოლო შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გამოვლენისას გაუქმდება დაზარალებულ პირებზე დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმები და მოხდება როგორც ფიზიკური, ისე სადაზღვევო კომპანიებზე მიყენებული მატერიალური ზიანის დადგენა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031