გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით სონღულაშვილი ნაირობიში, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) აღმასრულებელ მდივანს, ტატიანა მოლჩეანს შეხვდა

10-12-2025

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ნაირობიში, გაეროს გარემოსდაცვითი ასამბლეის მეშვიდე სესიის (UNEA-7) ფარგლებში, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) აღმასრულებელ მდივანს, ტატიანა მოლჩეანს შეხვდა. შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ეთიოპიაში, აფრიკის კავშირში მუდმივი წარმომადგენელი გიორგი მაჭარაძე ესწრებოდნენ.


შეხვედრაზე მინისტრმა მადლობა გადაუხადა UNECE-ს საქართველოსთვის გრძელვადიანი და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობისთვის და ხაზი გაუსვა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების, წყლის რესურსების დაცვის, გარემოსდაცვით მონაცემთა სისტემების გაძლიერებისა და ინდუსტრიული ემისიების კონტროლის მიმართულებით მიღწეულ პროგრესს.


„UNECE ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია გარემოსდაცვითი რეფორმების განხორციელების პროცესში. მათი მხარდაჭერა არსებითად უწყობს ხელს საქართველოს პროგრესს ჰაერის ხარისხის, გარემოსდაცვითი ინფორმაციის გამჭვირვალობისა და გარემოსდაცვითი მმართველობის მიმართულებით“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.


UNECE-ს აღმასრულებელმა მდივანმა, ტატიანა მოლჩეანმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს პროგრესის შესახებ ატმოსფერული ჰაერის გაუმჯობესების, წყლის რესურსების დაცვის, UNECE-ის კონვენციების ფარგლებში მიღწეული პროგრესის შესახებ. აღმასრულებელმა მდივანმა განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს წყლის რესურსების ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის კუთხით მიღწეულ შედეგზე გაამახვილა.

ტატიანა მოლჩეანმა UNECE-ის სახელით გამოხატა მზადყოფნა საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების და შემდგომი მხარდაჭერის თაობაზე.


შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება UNECE-სთან თანამშრომლობით მიღწეულ შედეგებზე გამახვილდა, მათ შორის: ემისიების ინვენტარიზაციისა და პროგნოზირების სისტემების გაძლიერება, ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოება ჰაერის ხარისხის მონიტორინგისა და მონაცემთა მართვის სფეროში; 15 ავტომატური და 3 მობილური მონიტორინგის სადგურების ქსელის გაფართოება; Euro 5-ის სტანდარტის ამოქმედება  და საწვავის ხარისხის გამკაცრებული კონტროლი; ახალი „სამრეწველო ემისიების შესახებ“ კანონის აღსრულება, რომელიც სრულად შეესაბამება ევროკავშირის დირექტივებს.


„საქართველო მზად არის, გააგრძელოს მჭიდრო და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობა UNECE-სთან, რათა უზრუნველყოს მდგრადი განვითარება და გარემოს დაცვა როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე მთელ რეგიონში“, - განაცხადა მინისტრმა და UNECE-ს საქართველოს გარემოსდაცვითი მდგომარეობის ობიექტური და პოზიტიური შეფასებისთვის მადლობა გადაუხადა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031