21-01-2026
„ლეიბოლისტური პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში მისი პარტია ერთადერთია, ვინც, პოლიტიკური გაგებით, ქალიშვილობა და ვაჟიშვილობა შეინარჩუნა.
როგორც ნათელაშვილმა „ფორმულას“ ეთერში, გადაცემის წამყვან, „ქრისტიან-დემოკრატების“ ყოფილ ლიდერ, გიორგი თარგამაძესთან საუბარში განაცხადა, ყველა სხვა დანარჩენი პარტია ოლიგარქებმა გაათახსირეს.
„ყველამ უნდა გავიღოთ ყველაფერი იმისათვის, რომ იდეოლოგიური პარტიები დადგნენ ფეხზე და არ ხდებოდეს ისე, რომ რომელიმე ოლიგარქს მოუნდეს პოლიტიკოსობა, ლიდერობა, დაარეგისტრიროს პარტია, გახსნას ტელევიზია და მოიწვიოს ისეთი ნეოლიბერალური სამხეცე, როგორიცაა ბერძენიშვილის ინკუბატორში გამოჩეკილი ზაქარეიშვილი, ზურაბიშვილი, უსუფაშვილი, ხიდაშელი, კაჭკაჭიშვილი, ფაჩულია და მათ ამტკიცებინოს რაღაცები...
ზუსტად ეს ჯგუფი იყო გამსახურდია რომ ააღმერთა და მერე დაამხო, ეს ჯგუფი იყო ჯაბა იოსელიანი და კიტოვანი რომ გაარაინდა და მერე ისინი შევარდნაძით ჩაანაცვლა, სწორედ ეს ჯგუფები იყო შევარდნაძე რომ გადააყენა ვარდების რევოლუციით და მოიყვანა სააკაშვილი, სწორედ ეს ჯგუფები იყო სააკაშვილს რომ კვანტი დაუდეს, დაამთავრებინეს პოლიტიკა და მოიყვანეს ივანიშვილი. ყველა მის სიაში და მის გუნდში იყო. ეხლა კიდე დადიან და ეძებენ, რომელი ოლიგარქი დააფინანსებს, რათა მის სასარგებლოდ პროპაგანდა გასწიონ, ფულიც აიღონ, ხოლო ქვეყანა, რა თქმა უნდა, ისევ ფეხებზე ჰკიდიათ.
ამიტომ, ხალხნო, ჩვენ პარტიებს, ჩვენ თავს და ჩვენ ქვეყანას ჩვენ უნდა მივხედოთ. უნდა დაეხმაროთ პარტიებს, რომ არ გახდნენ ისინი ოლიგარქების დასაფინანსებლები და მათი ნების შემსრულებლები.
ერთადერთი, აი პოლიტიკური გაგებით, ქალიშვილობა თუ ვაჟიშვილობა ჩვენ დავიჭირეთ 35 წლის განმავლობაში, რადგან ვერცერთმა ოლიგარქმა ვერ გაგვხადა სათამაშო იარაღად, ვერ გვათამაშა და ვერ შეგვითრია. დანარჩენი, ყველა პარტია შეითრიეს, გაათახსირეს და დაამთავრებინეს პერსპექტივა“ - განაცხადა ნათელაშვილმა.