22-01-2026
დღეს ჩვენ ვხედავთ, ერთი მხრივ, სრულად მარგინალიზებულ, პარტიულ დანაყოფს, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ჟურნალისტიკასთან, ხოლო, მეორე მხრივ, მედიას, რომელიც შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე იძულებულია, საკუთარი ფუნქციის შესრულების პარალელურად, მუდმივ რეჟიმში პასუხი გასცეს მეორე მხრიდან წამოსულ დეზინფორმაციის ნიაღვარს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, სოციალურ ქსელში წერს.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ხელისუფლება ვალდებულია, ეს არაჯანსაღი ვითარება გამოსწორდეს და ქართველ ხალხს დაუბრუნდეს დემოკრატიის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპით - დებატებით სარგებლობის უფლება.
მისი თქმით, საჯარო ცხოვრებაში უნდა დაბრუნდეს დისკუსია, რათა მომავალში ქართველმა ხალხმა ნებისმიერი არჩევანი სწორი ანალიზის შედეგად გააკეთოს.
„და რადგან იოლად ამოსახსნელია ხელოვნურად შექმნილი, დაპირისპირებული და გახლეჩილი გარემოს მიზნებიც, შემსრულებლებიც და ამოცანებიც - ჩვენ ვალდებული ვართ ეს არაჯანსაღი ვითარება გამოვასწოროთ; ვალდებული ვართ, ქართველ ხალხს დავუბრუნოთ დემოკრატიის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპით, დებატებით სარგებლობის უფლება და არ მივცეთ საშუალება არაფორმალურ ძალებს და მის „ქართველ“ აგენტურას, საკუთარი დღის წესრიგი მოგვახვიონ თავს. იმისათვის, რომ მომავალში ქართველმა ხალხმა ნებისმიერი არჩევანი სწორი ანალიზის შედეგად გააკეთოს, ჩვენ უნდა მივცეთ მას საშუალება, საჯაროდ მოისმინოს ყველა იმ პოლიტიკური ჯგუფის პოზიცია, რომელსაც ხელისუფლებაში ყოფნის ამბიცია აქვს. ჩვენ უნდა დავაბრუნოთ საჯარო დისკუსია საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რაც სრულყოფილი დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.“ - წერს ირაკლი კობახიძე.