25-02-2026
კომპანია „Iberia Tours Plus“-ის დამფუძნებლის, მაია მურაჩაშვილის შეფასებით, გუდაურმა მიმდინარე ზამთრის სეზონზე შარშანდელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული შედეგები აჩვენა. მისი თქმით, ზრდა შეინიშნება როგორც ფინანსური მაჩვენებლების, ისე კურორტის ცნობადობისა და საერთო დატვირთულობის მიმართულებით.
„წელს გუდაურმა შარშანდელზე გაცილებით უკეთესი შედეგი დადო, როგორც ფინანსური კუთხით, ისე ცნობადობის და დატვირთულობის კუთხით,“ - აცხადებს მურაჩაშვილი. მისი განმარტებით, საშუალო დღიური ფასი დაახლოებით 25-30%-ით არის გაზრდილი, ხოლო დატვირთულობა - 10-12%-ით, რაც მკაფიოდ მიუთითებს მოთხოვნის ზრდაზე.
„მარტივად შემიძლია ვთქვა, რომ დაახლოებით 25-30 პროცენტით არის მომატებული საშუალო დღიური გაყიდვის ფასი, დატვირთულობაც კი 10-12%-ით მეტია შარშანდელთან შედარებით,“ - აღნიშნავს იგი. მურაჩაშვილის შეფასებით, კურორტზე მოთხოვნა იმდენად მაღალია, რომ აქცენტი უკვე თავისუფალი ადგილების ხელმისაწვდომობაზე კეთდება.
„კურორტზე მოთხოვნა ძალიან დიდია, თუ ადრე კონკურენტების საფასო პოლიტიკას ვაკვირდებოდით, ახლა ვაკვირდებით რამდენად აქვს ადგილი ან არ აქვს ადგილი; იმდენად გაივსო კურორტი. ძალიან ბევრი საერთაშორისო ვიზიტორი მოდის და მაღალ ფასად,“ - ამბობს მაია მურაჩაშვილი. „გუდაურში საერთაშორისო ვიზიტორები მზად არიან მაღალი ფასი გადაიხადონ, რაც ავტომატურად ზრდის მოთხოვნას მაღალი ხარისხის სერვისებზე, რაც კერძო სექტორისთვის დიდ სტიმულს წარმოადგენს“ აღნიშნავს იგი.
2025 წელს საქართველოში ტურისტული ვიზიტების რეკორდული რაოდენობა, 5,521,866 ვიზიტი დაფიქსირდა, რაც 2024 წელთან შედარებით 8.4%-იანი ზრდაა. ასევე რეკორდულად, 6%-ით გაიზარდა ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი და 4,690.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.