28-02-2026
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი მეღორეობის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე სექტორის განვითარების პერსპექტივები, დარგში არსებული გამოწვევები და სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერის მექანიზმები განიხილეს. მხარეებმა იმსჯელეს ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის შესაძლებლობებზე, ბაზრის უზრუნველყოფის საკითხებსა და იმპორტთან დაკავშირებულ გამოწვევებზე.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ახალი ნორმატიული აქტის მოთხოვნებს, რომლებიც სასაკლაოების მფლობელებს დამატებით ვალდებულებებს დააკისრებს. აღინიშნა, რომ აღნიშნული რეგულაციების ამოქმედებამდე გაიმართება დამატებითი კონსულტაციები, რათა სექტორის წარმომადგენლებმა შეძლონ მოთხოვნების ეტაპობრივი და ეფექტიანი დანერგვა.
მინისტრის მოადგილის ლაშა ავალიანის განცხადებით, სამინისტრო მაქსიმალურად შეუწყობს ხელს დარგის წარმომადგენლებს, რათა მათ ახალი მოთხოვნების შესრულება და მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა შეძლონ.
„მეღორეობის სექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრაზე დეტალურად განვიხილეთ სექტორისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის, ახალი ნორმატიული აქტით გათვალისწინებული მოთხოვნები. შევთანხმდით, რომ რეგულაციების ამოქმედებამდე გაიმართება დამატებითი განხილვები, რათა სექტორის წარმომადგენლებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, დროულად და ეფექტიანად დანერგონ ახალი მოთხოვნები. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მათ მაქსიმალურ მხარდაჭერას გაუწევს, მათ შორის ლაბორატორიული კვლევების მიმართულებით“, - აღნიშნა ლაშა ავალიანმა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილე ნოდარ ხატიაშვილი და სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.