9-03-2026
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერთან, დავით კუბლაშვილთან, ა(ა)იპ ''ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის'' დირექტორთან, ედუარდ ჯიშკარიანთან და ვეტერანებთან ერთად, უკრაინაში, რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული მებრძოლის, მამუკა კეკელიას ოჯახს მიუსამძიმრა და მის ხსოვნას პატივი მიაგო.
მამუკა კეკელია აფხაზეთიდან იყო და აფხაზეთის ომის ვეტერანი გახლდათ. საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ, იგი პარტიზანულ მოძრაობას შეუერთდა და, მოგვიანებით, ტყვედ ჩავარდა. მან, ტყვეობაში, დაახლოებით სამი წელი გაატარა. აფხაზეთის ომს შეეწირა მამუკა კეკელიას დედის სიცოცხლე.
მამუკა კეკელია, უკრაინაში, 2022 წლის აპრილში, ომის დაწყებიდან მალევე ჩავიდა. ის უკრაინის არმიის სახმელეთო ჯარების 49-ე ცალკეული ქვეითი ბატალიონის- „კარპატსკი სიჩის" რიგებს შეუერთდა. 2022 წელს, ერთ-ერთი ბრძოლის დროს დაიჭრა, უკრაინელი მეგობრების დახმარებით, საფრანგეთში გაიარა რეაბილიტაციის კურსი, თუმცა, ბოლომდე გამოჯანმრთელებული არ იყო, როცა კვლავ უკრაინაში საბრძოლველად დაბრუნდა და შეუერთდა ერთ-ერთ უკრაინულ ბრიგადაში შემავალ ქართულ დაჯგუფებას-''შერეკილებს''. 2024 წლის 26 ოქტომბერს, მისი სიცოცხლე, დონეცკის ოლქის მიმართულებით, ქალაქ მარინკას მიმდებარე ტერიტორიაზე, ჭურვის აფეთქებას ემსხვერპლა.
მამუკა კეკელიას ცხედრის ჩამოსვენება მხოლოდ მიმდინარე წლის 6 მარტს მოხერხდა. ქართველ მეომარს, 10 მარტს, ტყიბულში, სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
მსუბუქი ყოფილიყოს მისთვის ქართული მიწა!
ინფორმაციისთვის, ომის დაწყების პირველივე დღეებიდან, უკრაინაში, რამდენიმე ასეული (არაოფიციალური ინფორმაციით, 2000-მდე) ქართველი მოხალისე იბრძვის. ისინი სხვადასხვა ბატალიონში ირიცხებიან და მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში, ფრონტის წინა ხაზზე. ომის დაწყებიდან (2022 წლის თებერვლიდან) დღემდე, უკრაინაში 90-მდე ქართველი მებრძოლი დაიღუპა.