24-03-2026
შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა კომპანიის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში და სამომავლო გეგმები ქალაქ ზუგდიდში, აგრარული კომიტეტის გასვლით სხდომაზე წარადგინა. სხდომას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის, ადგილობრივი ხელისუფლებისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა სხდომის მონაწილეებს დარგში არსებული ვითარება, მიღწეული შედეგები და გამოწვევები გააცნო. საუბარი შეეხო პროექტებს, რომლებსაც სახელმწიფო ახორციელებს სარწყავი და დამშრობი სისტემების რეაბილიტაციის, მოდერნიზაციისა და ახალი თანამედროვე ინფრასტრუქტურის შესაქმნელად.
როგორც გიგლა თამაზაშვილმა აღნიშნა, 2025 წელს კომპანიაში დაწყებული რეორგანიზაციის ფარგლებში, ცენტრალურ და რეგიონულ სტრუქტურებში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა: ჩამოყალიბდა თვისობრივად და ფუნქციურად ახალი მიმართულებები, მათ შორის, კომერციული დირექტორატი, სადისპეტჩერო სამსახური და საინფორმაციო-სასწავლო ცენტრი, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს როგორც ოპერაციულ პროცესებს, ისე მომხმარებელზე ორიენტირებულ მომსახურებას.
2025 წლის მნიშვნელოვან გდაწყვეტილებად დასახელდა 14-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის (სემეკი) მიერ ახალი ტარიფის განსაზღვრა და სახელმწიფო სუბსიდირების მექანიზმები.
გენერალური დირექტორის თქმით, განხორციელებული რეფორმების შედეგად, გაუმჯობესდა შიდა კოორდინაცია, გაიზარდა შემოსავლების ამოღების მაჩვენებელი და რეკორდულ ნიშნულს მიაღწია დაკონტრაქტებულმა სასოფლო-სამეურნეო ფართობების მაჩვენებელმა. ასევე, მნიშვნელოვნად შემცირდა სასამართლო დავებთან დაკავშირებული რისკებიც.
შეხვედრაზე განიხილეს 2026 წლის გეგმებიც. აღინიშნა, რომ შეიქმნება კომერციული პროცესების დაგეგმვისა და ადმინისტრირების სისტემის (ბილინგი) პროგრამა, დაინერგება სადისპეტჩერო მონიტორინგის სისტემა, ოფისები მოეწყობა გურჯაანში, ქუთაისსა და მარნეულში, მომსახურების ახალი ცენტრები გაიხსნება მელაანში, წნორსა და დმანისში. კაპიტალური პროექტებისთვის 2026 წლისთვის საერთო ჯამში 86,284,851 ლარია გათვალისწინებული.