გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სუსმა ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადებისა და გასაღების ფაქტებზე ერთი პირი დააკავა

31-03-2026

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა თბილისსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტში კომპლექსურად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადებისა და გასაღების ფაქტები გამოავლინეს. დაკავებულია ერთი პირი. ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. 


სუსის ინფორმაციით, კონტრტერორისტული ცენტრის მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, სისტემატურად ამზადებდა საქართველოსა და უცხო ქვეყნების ყალბ პირადობის დამადასტურებელ და მართვის მოწმობებს.


„იგი აღნიშნულ დოკუმენტებს საზღვარგარეთ მყოფ დამკვეთებთან და შუამავალ პირებთან ფოსტით აგზავნიდა. კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს ყალბი დოკუმენტების დასამზადებელი სპეციალური მოწყობილობები, კომპიუტერული ტექნიკა, ათეულობით დასაბეჭდი პლასტიკური ბარათი, ასევე უცხო ქვეყნებში გასაგზავნად გამზადებული ყალბი მართვის მოწმობები, მობილური ტელეფონები. ამასთან, საქართველოს ფოსტიდან ამოღებულია საზღვარგარეთ დაჩქარებულად გასაგზავნი ყალბი დოკუმენტები.

აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930