გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ნადარეიშვილი: ეკონომიკის განვითარების კორპორაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია იქნება - სახელმწიფო წარმოადგინოს ყველა იმ ერთობლივ, სტრატეგიულ პროექტში, რომელიც ჩვენს ქვეყანაში იგეგმება ან უკვე განხორციელების ეტაპზეა

8-04-2026

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ირაკლი ნადარეიშვილის ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება კაპიტალის ბაზრის განვითარება იქნება, რაც მოიცავს კერძო სექტორისთვის გარდა საბანკო რესურსისა, ალტერნატიული კაპიტალის ხელმისაწვდომობას.


„ჩვენ ვავითარებთ მთელ რიგ მიმართულებებს, როგორიც იქნება საინვესტიციო წილობრივი მონაწილეობის ფონდების მხარდაჭერა და მათში სახელმწიფოს გარკვეული ფორმით მონაწილეობა. კორპორაციული ბონდების გამოშვება უკვე დანერგილი პროგრამაა, მაგრამ მოხდება ამ მიმართულების მნიშვნელოვანი განვითარება. სულ ახლახან პარლამენტმა მიიღო ფაქტორინგის შესახებ კანონი, ეს არის უმნიშვნელოვანესი ფინანსური ინსტრუმენტი, ახალი კორპორაცია ძალიან მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ამ სექტორის განვითარებაშიც", - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.


ამასთან, ეკონომიკის მინისტრის მოადგილის განმარტებით, კორპორაციის საქმიანობისას ახალი მიმართულებები იქნება სინდიცირებული სესხები და სახელმწიფოს პირდაპირი წილობრივი მონაწილეობა. ირაკლი ნადარეიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ეს უკვე დანერგილი პრაქტიკაა წარმატებული საინვესტიციო პროექტი Eagle Hills-ის სახით, სადაც სახელმწიფო მონაწილეობს, როგორც პარტნიორი.


„ძალიან დიდი დაინტერესებაა ინვესტორების მხრიდან, მათ შორის ასევე მსხვილ პროექტებში. როდესაც ვსაუბრობთ ინფრასტრუქტურულ, ლოგისტიკურ პროექტებზე, სახელმწიფოს მონაწილეობა აქ არის აპრიორი განსაზღვრული. ამიტომ კორპორაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია იქნება - სახელმწიფო წარმოადგინოს ყველა იმ ერთობლივ, სტრატეგიულ პროექტში, რომელიც ჩვენს ქვეყანაში იგეგმება ან უკვე განხორციელების ეტაპზეა", - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930