22-04-2026
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი იმყოფება. სურენ პაპიკიანს ქართველი კოლეგა, საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი მასპინძლობს. თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე ოფიციალური დახვედრის ცერემონიის შემდეგ, მინისტრებმა და დელეგაციის წევრებმა ორმხრივი შეხვედრა გამართეს, სადაც თავდაცვის სფეროში ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ირაკლი ჩიქოვანმა სომხეთის მხარეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოს მხრიდან სომხეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერა დაადასტურა.
შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლურ, მჭიდრო კავშირებსა და თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის დადებით დინამიკაზე. საუბრის ერთ-ერთ მთავარ თემას, რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული გარემო და გამოწვევები წარმოადგენდა. საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელებმა მშვიდობის უზრუნველყოფისა და განმტკიცებისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ გამოხატეს.
კოლეგებმა 2026 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმით გათვალისწინებული მიმართულებები განიხილეს, რომელიც გასულ წლებთან შედარებით უფრო მრავლისმომცველია.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, სომხეთის თავდაცვის მინისტრმა გმირთა მემორიალთან პატივი მიაგო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულთა ხსოვნას.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში სურენ პაპიკიანი წეროვანში მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრს დაათვალიერებს.