გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამთა დევდარიანი: 13 წლის განმავლობაში ერთად ვქმნით უფრო მწვანე, განათლებულ და ძლიერ მომავალს

14-05-2026

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი უკვე 13 წელია გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ხელშეწყობის, ცნობიერების ამაღლებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიმართულებით მნიშვნელოვან საქმიანობას ახორციელებს. ცენტრის დირექტორის, თამთა დევდარიანის განცხადებით, საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაში ცენტრს განსაკუთრებული როლი აქვს.


„ჩვენი საქმიანობა ეფუძნება ორჰუსის კონვენციის პრინციპებს, რაც გულისხმობს გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობასა და მართლმსაჯულებაზე წვდომას. ჩვენი ქვეყანა კონვენციით დაკისრებულ ვალდებულებებს უკვე ათეულ წელზე ღირსეულად უმკლავდება“, - აცხადებს თამთა დევდარიანი.


ცენტრი აქტიურად მუშაობს როგორც გარემოსდაცვით, ისე აგრარულ მიმართულებებზე და ჩართულია მნიშვნელოვანი სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავების პროცესში. მათ შორისაა კლიმატის ადაპტაციის ეროვნული გეგმა, ბიომრავალფეროვნების დაცვის ეროვნული სტრატეგია და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირების მიმართულებები.


თამთა დევდარიანის შეფასებით, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა დეფიციტურ პროფესიებს, აგრარულ და გარემოსდაცვით სფეროებში ახალგაზრდების ჩართულობის ზრდას, ასევე, სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის მხარდაჭერას. ცენტრის საქმიანობა მთელი ქვეყნის მასშტაბით ვრცელდება და მოიცავს რეგიონებს, მაღალმთიან დასახლებებს, შშმ პირებს, ახალგაზრდებსა და ყველა ასაკის მოქალაქეებს.


„ქვეყანის განვითარებაში დიდი წვლილი სწორედ ახალგაზრდებს შეაქვთ. ჩვენ კი ვცდილობთ, მათი ჩართულობა კიდევ უფრო გავზარდოთ. ახალგაზრდებს აქვთ ძალა, შექმნან ის მომავალი, რომელიც ქვეყნის პოტენციალს კიდევ უფრო მეტად წარმოაჩენს“, - აღნიშნავს თამთა დევდარიანი.


ცენტრი საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებითაც აქტიურია. პარტნიორობა სხვადასხვა ქვეყანასთან, მათ შორის უნგრეთი, პორტუგალია, ავსტრია და სხვა, ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება, შემდეგ კი ეს ცოდნა საქართველოში გამოიყენონ.


თამთა დევდარიანის განცხადებით, გასული 13 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებისთვის. სამომავლოდ, პრიორიტეტად რჩება ცნობიერების ამაღლების გაძლიერება, სკოლებისა და ბაღების მოსწავლეების კიდევ უფრო ფართო ჩართულობა და ახალგაზრდული პროგრამების მხარდაჭერა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რეგიონში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა, იცოდნენ საკუთარი რეგიონის პოტენციალი და სწორად განსაზღვროს საკუთარი პროფესიული გზა და მომავალი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031