გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) წარმომადგენლები ეწვივნენ

3-06-2026

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს სამუშაო ვიზიტით გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) წარმომადგენლები ეწვივნენ. ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ცენტრის მიმდინარე საქმიანობა და თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. აღინიშნა, რომ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი UNEP-ისა და კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს – „შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოს ადაპტაციის ეროვნული გეგმის (NAP) პროცესის მხარდასაჭერად“.


UNEP-ის წარმომადგენლებს ცენტრის დირექტორმა, თამთა დევდარიანმა, დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მიმდინარე პროექტების, მიღწეული შედეგებისა და მათი მნიშვნელობის შესახებ ქვეყნის მდგრადი განვითარების პროცესში.


შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კლიმატის ცვლილების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და დეპარტამენტის წარმომადგენლები.


შეხვედრის ერთ-ერთ მთავარ თემას წარმოადგენდა NAP პროექტის მიმდინარეობა, განხორციელების ეტაპები, მეთოდოლოგიური მიდგომები და სამომავლო სამუშაო გეგმა. მხარეებმა იმსჯელეს დაგეგმილ აქტივობებზე, კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის პოლიტიკის გაძლიერების შესაძლებლობებსა და უწყებათაშორისი თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე.


შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ აღნიშნული პროექტი წარმოადგენს საქართველოს ადაპტაციის ეროვნული გეგმის (NAP) პროცესის განვითარების მნიშვნელოვან ეტაპს. მისი მიზანია კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის სისტემური დაგეგმვის, კოორდინაციისა და ეროვნული და სექტორული პოლიტიკის დოკუმენტებში ინტეგრირების ხელშეწყობა.


პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ქვეყნის მდგრადობის გაძლიერებას და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული რისკების ეფექტიან მართვას.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031