გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქვემო ქართლში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

9-07-2026

ქ. მარნეული გამართულ  შეხვედრაზე სოფლის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ პირობებისა და მონაწილეობის კრიტერიუმების შესახებ   დეტალური ინფორმაცია ადგილობრივ მეწარმეებსა და ფერმერებს გააცნეს.


შეხვედრას სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი, საქართველოს პარლამენტში მარნეულისა და გარდაბნის დელეგატი ზაურ დარგალი, ქვემო ქართლის მხარეში  სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იოსებ ალიბეგაშვილი, მარნეულის მერი დაურ ისმაილოვი და მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე  ესწრებოდნენ.


აგროთანადაფინანსების პროგრამას სოფლის განვითარების სააგენტო  ახორციელებს. პროგრამა მოიცავს პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების, ასევე სასურსათო დანიშნულების ცხოველების დაკვლისთვის განკუთვნილი ობიექტების (სასაკლაოების) მოწყობის თანადაფინანსების კომპონენტებს. პროგრამის ფარგლებში ასევე ხელმისაწვდომია შეღავათიანი აგროკრედიტი, რომელიც ძირითადი და საბრუნავი საშუალებების დაფინანსებას ითვალისწინებს.


პროგრამით სარგებლობა შეუძლია რეგისტრირებულ მეწარმე ფიზიკურ პირს (ინდივიდუალურ მეწარმეს) ან მეწარმე იურიდიულ პირს.


სააგენტოს თანადაფინანსების ჯამური მოცულობა პროგრამის  ფარგლებში არაუმეტეს 2 მილიონი ლარით განისაზღვრება. განსხვავებული პირობებით სარგებლობენ მერძეული ფერმის მოწყობით დაინტერესებული ფერმერები.


პროგრამის ფარგლებში სააგენტოს თანადაფინანსება წარდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების არაუმეტეს 50%-მდეა განსაზღვრული, ხოლო სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივებისთვის, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში და მაღალმთიან დასახლებებში განსახორციელებელი პროექტებისთვის – არაუმეტეს 55%-მდე.


სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში რეგისტრაცია.


„აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამაში“ განაცხადების მიღება ხორციელდება ელექტრონულად, სოფლის განვითარების სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031