გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქართული ღვინის დეგუსტაციები აშშ-ს სამ შტატში გაიმართა

9-07-2026

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „Vinoveli Inc“-ის ორგანიზებით, მასაჩუსეტსის, ნიუ-იორკის და ნიუ ჯერსის შტატების საცალო გაყიდვების ობიექტებსა და ქსელურ მაღაზიებში ქართული ღვინის 15 დეგუსტაცია გაიმართა.


თითოეული ღონისძიების ფარგლებში, საპრომოციო ღვინოებისთვის განკუთვნილ სივრცეში, სადეგუსტაციოდ წარმოდგენილი იყო სამი სხვადასხვა კომპანიის ხუთი სახეობის ქართული ღვინო.  


კამპანია მიზნად ისახავდა ქართული ღვინის პოპულარიზაციას, მომხმარებელთა ინტერესის ზრდასა და აშშ-ის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობისა და კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას.


ღონისძიებების მიმდინარეობისას, ვიზიტორებმა დააგემოვნეს პრემიუმ ხარისხის ქართული ღვინოები, მიიღეს ინფორმაცია ქართული ღვინის 8000-წლიანი მემკვიდრეობის, ადგილობრივი ვაზის ჯიშების მრავალფეროვნებასა და ქვევრის ღვინის დაყენების ტრადიციული ტექნოლოგიის შესახებ.


ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინისთვის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც მაღალია როგორც ხარისხის მოთხოვნები, ისე კონკურენციის დონე. ბოლო წლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელებულმა არაერთმა მარკეტინგულმა ღონისძიებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდას ამერიკის ბაზარზე.


აღსანიშნავია, რომ აშშ-ს ბაზარი ქართული ღვინისთვის ერთ-ერთ ყველაზე მაღალფასიან სეგმენტს წარმოადგენს, სადაც ერთი ლიტრი ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი დაახლოებით 6 აშშ დოლარს შეადგენს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031