9-07-2026
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწე ბაჩანა სურმავა სოციალურ ქსელში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებას აქვეყნებს ინტერნეტის გამოყენებით ცილისწამებისა და შეურაცხყოფისთვის სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდების კონვენციასთან შესაბამისობის შესახებ.
სურმავა იხსენებს საქმეს, რომელზეც სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა „დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი“ იყო.
„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2026 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე "KUNSTELJ v. SLOVENIA“.
საქმის ფაქტობრივი გარემოებები
2010 წლიდან მოსარჩელემ თავის პირად ბლოგზე ორი ჟურნალისტის, V.V.-ს და Š.P.-ს მიმართ, შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური პოსტების გამოქვეყნება დაიწყო. მოსარჩელე მათ მიმართ უკიდურესად ვულგარულ, დამამცირებელ და პირად/ინტიმურ ცხოვრებასთან დაკავშირებულ გამონათქვამებს იყენებდა (აღნიშნული სიტყვების შესახებ იხილეთ გადაწყვეტილების მე-5 და მე-6 პარაგრაფები).
V.V.-მ და Š.P.-მ მოსარჩელის წინააღმდეგ ეროვნულ სასამართლოებში სამოქალაქო სამართალწარმოების წესით დავა დაიწყეს. სასამართლომ მოსარჩელეს დროებითი ღონისძიების სახით შესაბამისი გამონათქვამების გავრცელებაც აუკრძალა, თუმცა მან იგივე შინაარსის პოსტების გამოქვეყნება მაინც გააგრძელა. ამის გამო მოსარჩელეს დროებითი ღონისძიების შეუსრულებლობის გამო ორჯერ 10,000 ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდაც კი დაეკისრა.
2012 წლის 8 მარტს სლოვენიის საგამოძიებო ორგანოებმა V.V.-სა და Š.P.-ს შეურაცხყოფის, ასევე მათ მიმართ ცილისმწამებლური განცხადებების გავრცელების გამო მოსარჩელის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყეს. საქმე 2010 წლის ივნისიდან 2012 წლის თებერვლამდე პერიოდში მოსარჩელის მიერ V.V.-სა და Š.P.-ს შესახებ WordPress-ზე გამოქვეყნებულ პოსტებს ეხებოდა.
სისხლის სამართლის საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვისას დაზარალებულებმა მათზე მიყენებულ მძიმე ფსიქოლოგიურ ზიანზე მიუთითეს: V.V.-მ განაცხადა, რომ ძლიერ სტრესს განიცდიდა, ხოლო Š.P.-მ თქვა, რომ პოსტების კითხვისას ერთხელ გონებაც კი დაკარგა, ჰქონდა შფოთვითი შეტევა, უძილობა და სედატიური საშუალებების მიღება სჭირდებოდა. მოსარჩელემ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ მისი ბლოგი „პირადი დღიური“ იყო და წერას არ შეწყვეტდა; მან ასევე თქვა, რომ დაკისრებულ ჯარიმებს არ გადაიხდიდა.
2013 წლის 13 მაისს ლუბლიანის საოლქო სასამართლომ მოსარჩელე დამნაშავედ ცნო შეურაცხყოფის ორი და ცილისწამების ერთი ეპიზოდისთვის და სასჯელის სახით 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლომ გაითვალისწინა შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური ქცევის ხანგრძლივობა და სიმძიმე, პოსტების არაერთხელ ატვირთვა, ჯარიმების გადაუხდელობა, სინანულის არქონა და წარსული ნასამართლობები. მოსარჩელემ აღნიშნული განაჩენი ზედა ინსტანციის სასამართლოებში გაასაჩივრა, თუმცა ზედა ინსტანციის სასამართლოებმა აღნიშნული განაჩენი ძალაში დატოვეს (მე-5-მე-19- პარაგრაფები)“, - წერს სურმავა.
სურმავა დავის არსზე მიუთითებს და აღნიშნავს, რომ „ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსარჩელე ამტკიცებდა, რომ გავრცელებული პოსტების გამო მისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთით შეფარდებით სლოვენიის ხელისუფლებამ მის მიმართ დაარღვია კონვენციის მე-10 მუხლით დაცული მისი გამოხატვის თავისუფლება (21-ე პარაგრაფი)“.
აქვე, სურმავა განმარტავს სასამართლოს შეფასებასა და ზოგად პრინციპებს.
„ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ მას უკვე მყარად აქვს ჩამოყალიბებული კრიტერიუმები, რომლითაც ფასდება, იყო თუ არა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“. როდესაც საქმე გამოხატვისგან ადამიანის რეპუტაციის ან პირადი ცხოვრების დაცვას ეხება, სასამართლომ უნდა შეამოწმოს, ეროვნული ხელისუფლების ორგანოებმა დაიცვეს თუ არა სამართლიანი ბალანსი ორ კონვენციურ უფლებას, კერძოდ, ერთი მხრივ, მე-10 მუხლით დაცულ გამოხატვის თავისუფლებასა და, მეორე მხრივ, მე-8 მუხლით დაცულ ადამიანის პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებას შორის.
სასამართლოს განმარტებით იმისთვის, რომ კონვენციის მე-10 მუხლით გათვალისწინებული გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდოს, ამისთვის აუცილებელია, რომ პირის რეპუტაციაზე თავდასხმამ სერიოზულობის გარკვეულ დონეს მიაღწიოს. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება ამოქმედდეს კონვენციის მე-8 მუხლი და შესაბამისად, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება რეპუტაციის შელახვა კონვენციის მე-10 მუხლით გათვალისწინებული გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფუძვლად იქცეს.
იმის შესაფასებლად გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის დროს დაცული იყო თუ არა ეროვნული ხელისუფლების ორგანოების მიერ სამართლიანი ბალანსი, ერთი მხრივ, გამოხატვის თავისუფლებასა და, მეორე მხრივ, ადამიანის რეპუტაციის პატივისცემის უფლებას შორის, სასამართლო შემდეგ კრიტერიუმებს ითვალისწინებს: შეიტანა თუ არა გამოხატვამ წვლილი საჯარო ინტერესის საგანთან დაკავშირებულ დებატებში; ვისკენ იყო გამოხატვა მიმართული; რამდენად ცნობილია ის პირი, ვისზეც გამოხატვა იყო მიმართული; როგორი იყო ამ პირის წინარე ქცევა; როგორი იყო გამოხატვის შინაარსი, ფორმა და შედეგები; როგორ იქნა მოპოვებული ის ინფორმაცია და რამდენად შეესაბამებოდა სიმართლეს ის ინფორმაცია, რომელსაც გამოხატვა დაეფუძნა; ამასთანავე, გამოხატვის გამო რამდენად მკაცრი სანქცია იქნა გამოყენებული.
სასამართლოს განმარტებით ეს კრიტერიუმები ყველა საქმეში მექანიკურად არ გამოიყენება. სასამართლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ამოწმებს აღნიშნული კრიტერიუმები თითოეული საქმის შესაბამის ფაქტობრივ გარემოებებს როგორ ესადაგება. საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე, ზოგი კრიტერიუმი შეიძლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყოს, ხოლო ზოგს ნაკლები მნიშვნელობა მიენიჭოს.
გარდა ზემოაღნიშნულისა, სასამართლოს განმარტებით, როდესაც საკითხი კერძო პირებს შორის ურთიერთობის დროს კერძო პირების კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული უფლების დაცვას ეხება, სახელმწიფოს, პრინციპში, შეფასების თავისუფლების ფარგლები აქვს იმის არჩევაში, თუ რა საშუალებებით დაიცავს ის კერძო პირების რეპუტაციასა და პირად ცხოვრებას (31-ე-37-ე პარაგრაფები)“, - აღნიშნავს სურმავა.
სურმავა აღნიშნულ პრინციპებს მოცემულ საქმესთან აკავშირებს და წერს, „სასამართლომ უპირველეს ყოვლისა აღნიშნა, რომ მოსარჩელის ბლოგპოსტები შეიცავდა მძიმე შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს, რომლებიც V.V.-სა და Š.P.-ს უკიდურესად უარყოფით კონტექსტში წარმოაჩენდა და მათ სულიერ ტანჯვას აყენებდა. სასამართლოს შეფასებით, აღნიშნული პოსტების შინაარსმა უდავოდ მიაღწია სიმძიმის იმ აუცილებელ ზღვარს, რომელიც საკმარისია V.V.-სა და Š.P.-ს პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლების, მათ შორის რეპუტაციის დაცვის, ასამოქმედებლად (38-ე პარაგრაფი)“.
„სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ მოსარჩელემ სადავო პოსტები გამოაქვეყნა ინტერნეტბლოგზე, რომელსაც იგი „თავის პირად დღიურს“ უწოდებდა, და ეს გააკეთა პირადი სტატუსით, ყოველგვარი ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების ფარგლებს მიღმა. სასამართლოს განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ, ეროვნული სასამართლოების მიერ დადგენილი გარემოებების თანახმად, V.V. და Š.P. ორივე ჟურნალისტები იყვნენ, ისინი საჯარო ფიგურებს არ წარმოადგენდნენ. ამასთან, შეურაცხმყოფელი გამონათქვამები, რომელთა სამიზნეც ისინი გახდნენ, არ უკავშირდებოდა მათ პროფესიულ საქმიანობას, ვინაიდან მოსარჩელის ბრალდებები მათი პირადი ცხოვრების ინტიმურ ასპექტებს შეეხებოდა. შესაბამისად, სასამართლოს შეფასებით სისხლისსამართლებრივი წარმოება ეხებოდა ცილისწამებას კერძო პირებს შორის, როდესაც შეურაცხმყოფელი განცხადებები საჯაროდ, ინტერნეტის მეშვეობით გავრცელდა (39-ე პარაგრაფი).
სასამართლო დაეთანხმა ეროვნული სასამართლოების შეფასებას, რომ მოსარჩელის განცხადებებს, რომლებიც უმეტესწილად ვულგარულ და შეურაცხმყოფელ ენას შეიცავდა, არავითარი წვლილი არ შეჰქონდა რომელიმე საზოგადოებრივი მნიშვნელობის დებატებში და რაიმე ფორმით V.V.-ს ან Š.P.-ს წინარე ქცევით განპირობებული არ ყოფილა, ამასთანავე, მოსარჩელის ბლოგპოსტები უწყვეტი შევიწროების ხასიათს ატარებდა. გარდა ამისა, აღნიშნული ბლოგპოსტები ხელმისაწვდომი იყო საკმაოდ ფართო აუდიტორიისთვის, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის ბლოგს 35,000-ზე მეტი გამომწერი ჰყავდა და პოსტები შემდგომში სხვა მედიასაშუალებებმაც გაავრცელეს (მე-40 პარაგრაფი).
სასამართლომ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ დაკისრებული სასჯელის სახე და ზომა წარმოადგენს იმ ფაქტორს, რომელიც მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის პროპორციულობის შეფასებისას. სასამართლომ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ცილისწამების საქმეებში სისხლისსამართლებრივი სასჯელების გამოყენება თავისთავად არ არის არაპროპორციული, თუმცა თავისუფლების აღკვეთა გამოყენებული უნდა იქნეს, როგორც გამონაკლისი ზომა, რომელიც მე-10 მუხლთან თავსებადად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სერიოზულად არის შელახული სხვა ფუნდამენტური უფლებები (41-ე პარაგრაფი).
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ წინამდებარე საქმეში მოსარჩელეს ექვსი თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, ვინაიდან ეროვნულმა სასამართლოებმა დაასკვნეს, რომ სხვა არცერთი სანქცია არ იქნებოდა საკმარისი იმისთვის რათა მას V.V.-სა და Š.P.-ს შეურაცხყოფა შეეწყვიტა. სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ ფაქტს, რომ მოსარჩელეს დროებითი ღონისძიების სახით ეროვნულმა სასამართლოებმა პოსტების გავრცელება აუკრძალეს, თუმცა უშედეგოდ. ის პოსტების გავრცელებას მაინც აგრძელებდა, რის გამოც რამდენჯერმე დააჯარიმეს კიდეც. უფრო მეტიც, მან პირდაპირ განაცხადა, რომ არ შეწყვეტდა V.V.-სა და Š.P.-ს შესახებ პოსტების გამოქვეყნებას და არც დაკისრებულ ჯარიმებს გადაიხდიდა (42-ე პარაგრაფი).
მოსარჩელემ არასათანადო ქცევა სისხლის სამართლის საქმის სასამართლოში განხილვის დროსაც განაგრძო. იგი კვლავ აქვეყნებდა შეურაცხმყოფელ ბლოგპოსტებს და სასამართლო დარბაზშიც უპატივცემულო ქცევას ავლენდა (43-ე პარაგრაფი).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წინამდებარე საქმის კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდება, როგორც გამონაკლისი ზომა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის კონტექსტში, არ შეიძლება გადაჭარბებულად ან არაპროპორციულად შეფასდეს იმ ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად, რომ V.V.-სა და Š.P.-ს რეპუტაცია დაცული ყოფილიყო (44-ე პარაგრაფი).
სასამართლომ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ ამგვარი ტიპის საქმეებში არსებითი მნიშვნელობა აქვს ეროვნული სასამართლოების მიერ წარმოდგენილ დასაბუთებას. სასამართლომ აღნიშნა, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ თავიანთი გადაწყვეტილებების გასამართლებლად მოყვანილი მიზეზები რელევანტური და საკმარისი იყო (45-ე პარაგრაფი).
სახელმწიფოთათვის მინიჭებული შეფასების თავისუფლების ფარგლებისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სათანადოდ განახორციელეს შეპირისპირებული ინტერესის დაბალანსება, სასამართლომ აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა „დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი“ იყო (46-ე პარაგრაფი).
შესაბამისად, სასამართლოს შეფასებით, ინტერნეტის გამოყენებით შეურაცხყოფისა და ცილისწამებისთვის მოსარჩელისთვის სასჯელის სახით 6 თვით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებით მოსარჩელის მიმართ კონვენციის მე-10 მუხლით გათვალისწინებული გამოხატვის თავისუფლება არ დარღვეულა (47-ე პარაგრაფი)“, - აღნიშნავს ბაჩანა სურმავა.
13-05-2026