12-08-2026
ქართულ რეალობაში, სამწუხაროდ, ერთი უცნაური ფენომენი მოგვეძალა - ხმამაღლა აცხადებდე, რომ ანტირუსი აქტივისტი ხარ მაშინ, როცა 2008 წლის ომიდან მალევე რუსეთში ჩადიოდი, კონცერტებს მართავდი, სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობდი, ანაზღაურებასა და სხვა სარგებელს იღებდი, დღეს კი სხვებს „რუსებს“ და „პრორუსებს“ ეძახი, ეს ამ ფენომენისთვის დამახასიათებელი გამოხატული უტიფრობაა, - წერს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.
როგორც წილოსანი აღნიშნავს, კულტურის სფეროს გარკვეულ წარმომადგენლებს პატრიოტიზმი არც გიორგი ანწუხელიძის, არც შინდისის გმირებისა და არც ჩვენი სხვა საამაყო მებრძოლების მაგალითზე გაღვიძებიათ.
„თუმცა, როგორც კი უკრაინაში ომი დაიწყო და საყოველთაო ანტირუსული კამპანია ჩაეშვა, პირველებმა დაიკავეს მედროშის როლი და გაცხოველებულად დაიწყეს სხვებისთვის პრორუსულობის დაბრალება.
ამავე დროს, მათ რიგებში სათაყვანებლად სწორედ ის პოლიტიკოსები ჰყავთ, რომლებიც რუსეთიდან დღესაც და სისტემატურად რუბლებით ფინანსდებიან და რომლებისთვისაც, როგორც ჩანს, ფულს სუნი არ ასდის. ის პოლიტიკოსები, რომლებსაც ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციის პარალელურად დისკომფორტი არ შეჰქმნიათ, ქართული სტრატეგიული ობიექტები რუსეთისთვის გაესხვისებინათ და, უფრო მეტიც, ხელი მოეწერათ რეზოლუციისთვის, სადაც ქართველებს ომის დაწყებაში ადანაშაულებდნენ.
ამონარიდი ევროსაბჭოს რეზოლუციიდან (Resolution 1633 (2008):
„თუმცა 2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს სამხედროების მიერ ცხინვალის გაუფრთხილებლად დაბომბვამ კონფლიქტის ესკალაცია ახალ ეტაპზე გადაიყვანა: ღია და სრულმასშტაბიან ომამდე“.
ალბათ, ახლა, როცა ნიკოლოზ რაჭველი „ქართულ ოცნებაზე“ წერდა, „გული მერევაო“, საკუთარ ამორალობას გულისხმობდა. გიორგი ანწუხელიძის გმირობით აღფრთოვანებული იყო და, ამავდროულად, მის „პატივსაცემად“ რუსეთის კარზე მის „მკვლელებს“ ართობდე - ამის გაკეთება გულისრევის გარეშე ნამდვილად რთულია.
გიორგი ანწუხელიძეს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა 2022 წელს არ დაუწყია. ის რუსმა ოკუპანტებმა 2008 წელს აწამეს და მოკლეს - სწორედ იმ ომის დროს, რომლის შემდეგაც ზოგიერთისთვის რუსეთში ჩასვლა, იქ კონცერტების ჩატარება და პროფესიული საქმიანობის გაგრძელება საკუთარ სინდისთან სრულიად შეთავსებადი აღმოჩნდა.
ამიტომ საქმე არც მუსიკაშია, არც კონცერტებში და არც ვინმეს პოლიტიკურ შეხედულებებში.
საქმე ფარისევლობაშია.
და ბოლოს, რაც ახლა უკრაინას ყველაზე მეტად სჭირდება, მშვიდობაა და არა ომის გასაგრძელებლად და ბრძოლის წასახალისებლად გამართული, კარგად დაფინანსებული კონცერტები. აქვე ისიც არ დაგვავიწყდეს, უტიფარ მორალისტთა ფავორიტმა ხელისუფლებამ 2008 წელს წაგებული ომი როგორ გვაზეიმა“, - წერს ნინო წილოსანი.
13-05-2026