17-08-2026
ვუსმინე ნიკა გვარამიას ინტერვიუს აფხაზეთის თემაზე და მინდა ვთქვა, რომ ეს იყო ის შემთხვევა, როდესაც პოლიტიკოსი გასცდა ტრადიციულ პოლიტიკურ რიტორიკას და შემოგვთავაზა კონფლიქტის მოგვარების რაციონალური და პრაგმატული პარადიგმა, - წერს არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ დირექტორი თამთა მიქელაძე, სოციალურ ქსელში.
მიქელაძე ყურადღებას ამახვილებს ნიკა გვარამიას მიერ დასახელებულ ნიკოლ ფაშინიანის მაგალითზე, რომელმაც მოკლე ვადაში შეძლო ისტორიული ტრავმების დამარცხება, კერძოდ, მან არარატი წაშალა შტამპიდან თურქეთთან ურთიერთობის დასალაგებლად, იგივე გააკეთა ყარაბაღთან დაკავშირებითაც, რაც საბოლოო ჯამში, აზერბაიჯანისთვის ტერიტორიის ჩაბარებით დასრულდა.
მიქელაძის თქმით, გვარამიას მსგავსად, მისთვისაც მისაღებია ფაშინიანის მიერ გადადგმული ნაბიჯი, რაც ისტორიულ საზღვრებზე უარის თქმას გულისხმობს.
„ვუსმინე ნიკა გვარამიას ინტერვიუს აფხაზეთის თემაზე და მინდა ვთქვა, რომ ეს იყო ის შემთხვევა, როდესაც პოლიტიკოსი გასცდა ტრადიციულ პოლიტიკურ რიტორიკას და შემოგვთავაზა კონფლიქტის მოგვარების რაციონალური და პრაგმატული პარადიგმა.
ინტერვიუ იყო არა მხოლოდ ემოციური (როგორც დევნილისგან), არამედ საინტერესო სტრატეგიული ხედვა ქვეყნის მომავალზე.
მინდა გაგიზიაროთ ინტერვიუს რამდენიმე მთავარი აქცენტი, რომელიც ვფიქრობ, საჯარო განხილვასა და მსჯელობას იმსახურებს:
ცხადია აქ არსებობს ბევრი დეტალი, ჩაკითხვა და კონტრმოსაზრებაც, რომელიც საპასუხოა:
- ეკონომიკური დეტერმინიზმი ხშირად არ მუშაობს ეთნო-პოლიტიკური კონფლიქტების დროს. ისტორია აჩვენებს, რომ იდენტობის გადარჩენის შიში, ნაციონალისტური ნარატივები და „დამოუკიდებლობის“ ილუზია ხშირად უფრო ძლიერია, ვიდრე ეკონომიკური სარგებელი. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ თბილისს ამ შიშებზე პასუხიც ქონდეს და კარგად აჩვენოს, როგორ უზრუნველყოფს ის ამ მიმართულებით იდენტობის, ენისა და ავტონომიის დაცვას [ამაზე მინიშნებები პრინციპში ინტერვიუში ასევე იყო - ეთნიკური ჯგუფების დაცვის, ქართველთა და აფხაზთა სახელმწიფოს შესახებ მითითებებით.
- განვითარების მოდელი, რომელიც გვარამიამ წარმოადგინა მთლიანად დამოკიდებულია ეგზოგენურ ფაქტორზე, რუსეთის დასუსტებაზე. თუმცა, ის არ პასუხობს კითხვას: რა ხდება, თუ რუსეთი ინარჩუნებს „ნახევრად ჰეგემონის“ სტატუსს რეგიონში? მხოლოდ ეკონომიკური მიზიდულობა ვერ დააბალანსებს რუსულ სამხედრო ბაზებს. გვარამიას ხედვაში ნაკლები ადგილი ეთმობა ხისტ ძალას და უსაფრთხოების იმ რეალურ დილემას, რომლის წინაშეც აფხაზები დადგებიან, თუკი რუსეთის ორბიტიდან გასვლას დააპირებენ. აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ლაპარაკი იმ ალტერნატიული უსაფრთხოების გარანტიებზე, რომელიც თბილისმა უნდა უზრუნველყოს.
- სომხეთში ფაშინიანის პოლიტიკამ გამოიწვია უდიდესი შიდა პოლიტიკური რყევები და ბევრისთვის ეს აღიქმება არა „ტრავმის გადალახვად“, არამედ „ეროვნულ კატასტროფად“ [მიუხედავად იმისა, რომ მან არჩევნებში ამ წელს შეძლო გამარჯვება, საბოლოოდ]. ტრავმის რაციონალიზაცია ფრთხილად არის გასაკეთებელი და აქ პირველ რიგშია საჭიროა დემოკრატიული სამუშაოები კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობასთან, როგორც სოციალური, ისე პოლიტიკური და კულტურული ინსტრუმენტებით.
- პოლიტიკოსმა მინიშნებები გააკეთა ძალაუფლების გადანაწილების საკითხზე, როგორც რთულ საკითხზე და დეტალებში არ ჩავიდა. ყველა ჯერზე სწორედ ძალაუფლების მოდელის საკითხები იწვევდა სამშვიდობო ფორმატების ჩავარდნას. ამიტომ ეს საკითხი ასეთი მეორეული და ადვილად მოსაგვარებელი ნამდვილად არ არის. მაგრამ მინიშნება, რომ ამაზე მსჯელობამ მომავალში შეიძლება გადაინაცვლოს და ამ პროცესში ამავდროულად საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესები უნდა იყოს დაცული, მნიშვნელოვანი იყო.
რატომ ვწერ ამდენს ამ თემაზე. იმიტომ ვწერ, რომ კარგი იქნება, თუ სხვა პოლიტიკოსებიც მომავალზე ორიენტირებულ, დემოკრატიულ ალტერნატივებზე ისაუბრებენ და საკუთარ პოზიციებს ტრავმისა და ზიზღის ტირაჟირებას არ დააფუძნებენ.
არსებითია, რომ მედიაც კარგად მომზადებული და ფრთხილი იყოს ამ საკითხებზე მსჯელობის დროს.
თუ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება დღის წესრიგში ამ საკითხის შემოიყვანს, იმიტომ რომ ტერიტორიული მთლიანობის დისკურსი მას საკუთარი გეოპოლიტიკური ან ეკონომიკური ინტერესების გატარებისთვის და „გაპრავებისთვის“ შეიძლება დასჭირდეს, ოპოზიციური სპექტრი მზად უნდა იყოს საპასუხოდ და სისულელეები და სიძულვილი არ უნდა აფრქვიოს“, - წერს თამთა მიქელაძე.
13-05-2026