8-10-2026
ევროკავშირის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი სიიდან, რომელშიც 743 ფიზიკური და 826 იურიდიული პირია შეყვანილი, ესტონეთის მოთხოვნით ამოიღეს რუსული კომპანია, რომელიც ესტონურ კომპანია Silmet-ს იშვიათ ლითონებს აწვდის. ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტი რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელ X-ში წერს.
მისივე ინფორმაციით, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის მიერ მომზადებული პროექტი თავდაპირველად სანქციების დაწესებას 744 ფიზიკური და 827 იურიდიული პირის წინააღმდეგ ითვალისწინებდა. თუმცა ევროკავშირის ელჩების მიერ 7 ოქტომბერს შეთანხმებულ ვერსიაში სია ერთი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირით შემცირდა. ჟურნალისტის ინფორმაციით, ეს ცვლილებები ესტონეთის მოთხოვნით განხორციელდა.
„საქმე ეხება რუსულ კომპანიას, რომელიც იშვიათ ლითონებს ესტონურ კომპანია Silmet-ს აწვდის. ეს ნედლეული, მათ შორის, ქარის ტურბინებისა და ევროკავშირში სხვა პროდუქციის წარმოებისთვის საჭირო მასალების დასამზადებლად მუშავდება. კომპანია მიწოდების ალტერნატიულ წყაროებს ეძებს“, – წერს იოზვიაკი.
როგორც ცნობილია, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა 7 ოქტომბერს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ორი ახალი პაკეტი შეათანხმეს. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ეს გადაწყვეტილება 12 ოქტომბრის სხდომაზე ოფიციალურად უნდა დაამტკიცონ.
13-05-2026