10-01-2019
პარიზის მოდის კვირეულში მონაწილეობის შედეგად, ქართველი დიზაინერების მიერ გაყიდულმა პროდუქციამ 380 000 ევრო შეადგინა. დიზაინერებმა 1934 ერთეულის (ტანსაცმელი) ექსპორტი განახორციელეს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, 12 ქართველი დიზაინერი, 2018 წლის 27 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით, საფრანგეთში, ქ. პარიზში, მოდის კვირეულის (Paris Fashion Week) თანმდევ ღონისძიებებში (More dash Showroom, Maison Pyramide Showroom, Tomorrow Showroom, Tranoi Showroom) მონაწილეობდა. სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ საგამოფენო ფართის ქირის ნაწილი-50% დაფარა. გამოფენას 130-მდე ვიზიტორი და პოტენციური მყიდველი ჰყავდა.
გამოფენაში მონაწილეობის მიზანს ქართველი დიზაინერებისთვის ახალი სავაჭრო პარტნიორების შეძენა, საქმიანი ურთიერთობის დამყარება და ექსპორტის გაზრდა წარმოადგენდა. სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მოდის ინდუსტრიის ხელშეწყობის მიზნით, პერმანენტულად ახორციელებს მსგავს ღონისძიებებს. მაგალითისთვის, 21-26 ივნისს გამართულ ანალოგიურ ღონისძიებაში მონაწილეობის შედეგად, ექსპორტზე 7 ქართველი დიზაინერის 1513 ერთეული (ტანსაცმელი) გავიდა. ექსპორტზე გასული პროდუქციის ღირებულებამ მაშინ 240 000 ევრო შეადგინა.