გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ევროპის საბჭოში ქართული ანბანისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა

24-01-2018

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ორგანიზებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის ფარგლებში, გამოფენა „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ გამოფენა გაიხსნა.


ექსპოზიცია „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ მისასალმებელი სიტყვით დელეგაციის ხელმძღვანელმა, თამარ ჩუგოშვილმა გახსნა და დამსწრეებს ქართული ანბანის, ასევე, ქართული ღვინის ისტორიაზე ესაუბრა.


„საქართველოს ღვინის წარმოების 8 ათასწლიანი ისტორია აქვს. ჩვენი ქვეყანა მსოფლიოში ცნობილია, როგორც ღვინის აკვანი, რაც სიამაყის მიზეზია ქართველი ხალხისთვის. ასევე, დღეს იხსნება ქართული ანბანის სამი სახეობის გამოფენა, რომელიც იუნესკოს მიერ აღიარებულია, როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.


ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს, ასევე, საშუალება ჰქონდათ, ქართული ღვინო დაეგემოვნებინათ და ჟურნალები - „პარლამენტი“ და „დიპლომატი“ დაეთვალიერებინათ.


მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას თამარ ჩუგოშვილმა ობსერვერ მედია ჯგუფის გენერალური დირექტორი ნინო შარაშიძე და აღმასრულებელი დირექტორი-ნათია გამყრელიძე წარადგინა, რომლებმაც ჟურნალების შინაარსის, მნიშვნელობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს. მათი განცხადებით, მედია ჯგუფი მჭიდროდ ითანამშრომლებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასა და სხვა საერთაშორისო საპარლამენტო ორგანიზაციებთან.


„ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ ასამბლეის წევრებს ჩვენი კულტურა გავაცნოთ და მათ ჰქონდეთ წარმოდგენა არა მხოლოდ პოლიტიკურ საკითხებზე, არამედ საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობაზეც“,- აღნიშნა ღონისძიების დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა.


გამოფენის გახსნას ესწრებოდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის კომიტეტის თავმჯდომარე ბორის სილევიჩი, რომელმაც ჟურნალისტებთან საუბრისას, ამ ტიპის ღონისძიებების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.


„თქვენ ბევრი რამ გაქვთ სათქმელი ევროპისთვის, მაგალითად, ქართული ანბანის ისტორიის შესახებ, რაც ნამდვილად შესანიშნავი ისტორიაა და ვფიქრობ, რომ ეს ყველამ უნდა იცოდეს. მე განსაკუთრებული დამოკიდებულება მაკავშირებს საქართველოსთან და დიდად ვაფასებ ჩვენს თანამშრომლობას. მჯერა, რომ ევროპის საბჭო არ არის მხოლოდ საქმიანობის სამართლებრივი მხარე, ესაა ადამიანური ინტერაქცია, თანამშრომლობა, კულტურათაშორისი კონტაქტები და მნიშვნელოვანია, რომ არჩეულმა წარმომადგენლებმა უკეთ გაიგონ, რა ხდება ევროპის სხვა ქვეყნებში“,- განაცხადა ბორის სილევიჩმა.


ევროსაბჭოში შვეიცარიის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელის, ფილიპო ლომბარდის თქმით, მნიშვნელოვანია, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრ ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობის განვითარება და ამ მხრივ, განსაკუთრებული როლი ამ ტიპის ღონისძიებებს ენიჭება.


„მნიშვნელოვანია, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრ ქვეყნებს შორის მეგობრობა განვითარდეს. ჩვენ აქ მხოლოდ საქმისთვის არ ვართ, თუმცა, პოლიტიკური საქმიანობა ასევე მოიცავს ერთმანეთის უკეთ გაცნობას, ურთიერთნდობას და ეს ნდობა შეიძლება მხოლოდ მაშინ იქნას მიღწეული, როდესაც შენს კოლეგებთან მეგობრული ურთიერთობები გაკავშირებს. საქართველო ამ მხრივ შესანიშნავია, და მათთან ყოფნა ყოველთვის სასიამოვნოა“,- განაცხადა ფილიპო ლომბარდიმ.


ექსპოზიცია „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ ევროპის საბჭოს შენობაში მთელი კვირის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031