გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გოგა ხაინდრავა: სასამართლო ხელისუფლებაში ოდიოზური ფიგურები ვერ იქნებიან

18-01-2019

„სასამართლო ხელისუფლებაში ოდიოზური ფიგურები ვერ იქნებიან, ეს არის ცალსახა, ამაზე საზოგადოებაში ეჭვი აღარ არის და ყველა ნათლად ხედავს“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ განაცხადა.


მისი თქმით, წინა ხელისუფლების პერიოდში ყველა მოსამართლე, პროკურორი და მთელი შინაგან საქმეთა სამინისტრო პრაქტიკულად მთავრობის მსახური იყო. როგორც ხაინდრავამ აღნიშნა, რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ ახალი ხელისუფლების პირობებშიც იმავე ცხოვრების წესით იცხოვრონ.


„მიმაჩნია, რომ ამ თვალსაზრისით გარკვეული ნაბიჯები გადადგმულია როგორც პროკურატურაში ისე სასამართლოში. ჩვენ ვხედავთ, რომ აღარ არის ის კატასტროფა, რომელიც იყო სააკაშვილის რეჟიმის დროს, როდესაც მხოლოდ განაჩენების 0,01 პროცენტი იყო გამამართლებელი და ადამიანი სამართალს ვერ პოულობდა. იმ დროს პირდაპირ ადეიშვილის განკარგულებით ხდებოდა განაჩენების გამოტანა. დღეს ასეთი მდგომარეობა აღარ არის.


სასამართლო სფერო ერთ-ერთი წამყვანი და სახელმწიფოს არსებობის საფუძველია. ოდიოზური ფიგურები სასამართლოს ხელისუფლებაში ვერ იქნებიან, ეს არის ცალსახა, საზოგადოებაში ამაზე ეჭვი აღარ არის, ამას ყველა ნათლად ხედავს. ის, რომ მმართველმა პარტიამ გაითვალისწინა საზოგადოების აზრი არამარტო სასამართლო სფეროში, არამედ არჩევნებთან მიმართებით, მეტყველებს იმაზე, რომ მმართველი პარტია ვითარდება და ესმის საკუთარი ხალხის.


როგორ ესმის, ამას ძალიან მალე გავიგებთ, რადგან რამდენადაც ვიცი, საგაზაფხულო სესიაზე უნდა გადაწყდეს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები. ამაში საზოგადოების ფართო ჩართულობა არის გადამწყვეტი, რადგან საზოგადოება უკვეთავს და მთავრობა ასრულებს“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.


კითხვაზე, ხედავს თუ არა პრობლემას მოსამართლეთა სიაში, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარადგინა, გოგა ხაინდრავა აცხადებს, რომ ამ სიაში პრობლემას არამხოლოდ თავად, არამედ მთელი საქართველო ხედავს.


„ვფიქრობ, ამ საკითხზე კითხვის ნიშნები აღარ არის. ახლა ჩვენ ყველა ველოდებით, რა ნაბიჯები იქნება გადადგმული, რადგან ყველას ესმის, რას ნიშნავს სასამართლო“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930