გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
«Deutsche Welle» (გერმანია): რა ელით იმ ქართველებს, რომლებმაც გერმანიას თავშესაფრის მიღების თხოვნით მიმართეს-„უსაფრთხო ქვეყნების“ სიაში საქართველოც შევიდა

21-01-2019

„პარასკევს, 18 იანვარს, გერმანიის ბუნდესტაგმა მმართველი პარტიების ინიციატივით მიიღო კანონი, რომლის მიხედვით, ე.წ. „უსაფრთხო ქვეყნების“ (sichere Herkunftsländer) სიაში უნდა იქნეს შეტანილი საქართველო, ალჟირი, მაროკო და ტუნისი. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას იმედი აქვს, რომ ამ გადაწყვეტილებით აღნიშნული ქვეყნებიდან მიგრანტთა ნაკადი შემცირდება და გერმანიიდან იმ ადამიანთა დეპორტაციის პროცედურა გაიოლდება, რომლებსაც უარი ეთქვათ თავშესაფრის მიცემაზე“-ასე იწყება გავლენიანი გერმანული რადიოსადგურის, «Deutsche Welle»-ს ვებ-გვერდზე ნიკიტა ჟოლკვერის ავტორობით გამოქვეყნებული სტატია, რომლის ქართულენოვან ვერსიას საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ:

 

როგორი იქნება სინამდვილეში ამ კანონის შედეგები ქართველებისთვის, ალჟირელების, მაროკოელებისა და ტუნისელებისათვის, თუ მას ბუნდესრატი - გერმანიის მხარეების (მიწების) წარმომადგენელთა ფედერალური საბჭო არ დაბლოკავს და დაეთანხმება?

 

დანაშაულობები ქართველ მიგრანტებს შორის

 

ზემოთხსენებული ოთხი სახელმწიფოდან უვიზო რეჟიმი ევროკავშირის ქვეყნებთან მხოლოდ საქართველოს აქვს - 2017 წლის მარტიდან. მაგრამ გერმანიაში თავისუფალი შესვლის უფლებით აქტიურად სარგებლობენ არამარტო ქართველი ტურისტები, არამედ კრიმინალური ელემენტებიც.

 

როგორც გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროში თვლიან, ბევრმა ქართველმა ისარგებლა უვიზო რეჟიმით, რათა გერმანიაში ზედმეტი ფორმალური პროცედურების გარეშე ჩასულიყო, განცხადება წარედგინა თავშესაფრის მიცემის თხოვნით და გადაწყვეტილების მოლოდინში (რომელსაც ხშირად თვეები და წლებიც კი ჭირდება) დანაშაული ჩაედინა.

 

ქართველების წილი თავშესაფრის მიღების იმ მაძიებლებს შორის, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან გერმანიაში დანაშაულის ჩადენაში, 2017 წელს 2,1%-ს შეადგენდა, რაც არაპროპორციულად ბევრია. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მიგრანტთა საერთო რაოდენობაში მსგავსი ეჭვმიტანილების რიცხვი მხოლოდ 0,7%-ია, გამოდის, რომ დამნაშავეობის დონე ქართველებს შორის სამჯერ უფრო მეტია საშუალო მაჩვენებელზე. შემთხვევათა 75% აჩვენებს, რომ სწორედ ქართველების წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმეები, ჩადენილ ქურდობებთან დაკავშირებით.

 

ბინების ძარცვიდან რძის ფხვნილის ქურდობა-დატაცებამდე

 

პირველ ხანებში ქართველები უმეტესად ბინების ძარცვაში იყვნენ შემჩნეულნი, თუმცა ბოლო დროს ქართველთა ბანდები გერმანიის მაღაზიებში ახალშობილი ბავშვებისათვის განკუთვნილი რძის ფხვნილის დატაცებაშიც სპეციალდებიან. ეს პროდუქცია ძალიან დიდი მოთხოვნილებით სარგებლობს („შავი ბაზრის“ ფასების მიხედვით) ჩინეთში, სადაც იქაურ რძის ფხვნილთან დაკავშირებული ხმაურიანი სკანდალის შემდეგ, ახალგაზრდა ჩინელმა დედებმა უარი თქვეს სამამულო პროდუქციის ყიდვაზე.

 

გასული წლის გაზაფხულზე საქართველო უვიზო რეჟიმის გაუქმების რეალური საფრთხის წინაშე დადგა. ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიის მხარის ხელისუფლებამ, სადაც ყველაზე უფრო მეტად შეიმჩნეოდა ქართველ ბინის მძარცველთა აქტიურობა, ოფიციალურად სთხოვა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრს, რათა მას ევროკომისია საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებაში დაერწმუნებინა. ასეთი საფრთხის წინაშე მყოფმა საქართველომ თვითონ სთხოვა გერმანიის ხელისუფლებას ქვეყანა „უსაფრთხო ქვეყნების“ სიაში შეეყვანა.

 

წესებიუსაფრთხო ქვეყნებისმოქალაქეებისათვის

 

„უსაფრთხო სახელმწიფოს“ სტატუსი არ ნიშნავს იმას, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეებს გერმანიაში თავშესაფრის თხოვნის უფლება აღარ ექნებათ. გერმანიის კონსტიტუციის მიხედვით, თავშესაფრის უფლება ინდივიდუალურია, ანუ ყოველი უცხოელის განცხადება ცალკე უნდა იქნეს განხილული. მაგრამ რაც შეეხება თავშესაფრის თხოვნაზე დადებითი პასუხის მიღების შანსს, ასეთი შესაძლებლობა მცირდება. ამგვარ შემთხვევებში მიგრაციისა და ლტოლვილთა საქმეების ფედერალური უწყება (BAMF) ხელმძღვანელობს იმით, რომ თხოვნა თავშესაფრის მიღებაზე „აშკარად უსაფუძვლოა“ და მსურველს თავისი განცხადების მიზეზების დამტკიცება მნიშვნელოვნად უძნელდება. კანონიც სწორედ ამაზეა გათვლილი: რადგანაც მიგრანტის მშობლიურ სახელმწიფოს უსაფრთხო სტატუსი აქვს და აქედან გამომდინარე, თავშესაფრის მიღების შანსები მიზერულია, იმ ქვეყნის მოქალაქეები გერმანიაში ამ მიზნით აღარ გაემგზავრებიან.

 

გარდა ამისა, მიგრაციისა და ლტოლვილთა საქმეების ფედერალურ უწყებას უფლება აქვს „უსაფრთხო ქვეყნების“ მოქალაქეთა განცხადებები გამარტივებული პროცედურით განიხილოს და თუ უარყოფით გადაწყვეტილება იქნება გამოტანილი, სასამართლოში მისი გასაჩივრების შესაძლებლობა შემცირდება. თანაც გერმანიის ხელისუფლებას უფლება ენიჭება ასეთი მოქალაქის დეპორტაცია მანამ მოახდინოს, სანამ მის საჩივარზე სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ანუ ახალი კანონის მიხედვით, მცირდება ის დრო, რომლის განმავლობაში ადამიანს, სანამ მისი ბედი გაირკვეოდეს, დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობა ექნება.

 

რის გამო შეიძლება გერმანიიდან გაძევება?

 

თვით დანაშაულის ჩადენა ყოველთვის არ არის გერმანიაში ქვეყნიდან მოქალაქის (ლტოლვილის, მიგრანტის ან ტურისტის) გაძევების მიზეზი. ყველაფერი დამოკიდებულია სამართალდარღვევის სიმძიმეზე და კონკრეტულ პიროვნულ გარემოებებზე.

 

ტურისტი ქვეყნიდან შეიძლება გაძევდეს მცირე ქურდობისათვის, ვთქვათ „ოქტობერფესტის“ (ლუდის ფესტივალის) დროს, ამბობს ადვოკატი ჰუბერტ ჰაინჰოლდი, მაგრამ უცხოელ მოქალაქეს, რომელმაც გერმანიაში მკვლელობა ჩაიდინა, მას ქვეყანაში დარჩენა შეუძლია, თუ სამშობლოში სიკვდილით დასჯა ან წამება ემუქრება. მაგრამ ეს უკიდურეს შემთხევებში და იშვიათად ხდება.

 

პრაქტიკაში დეპორტაციის გადაწყვეტილება მიიღება, როგორც წესი, იმ შემთხვევებში, როცა უცხოელს სასამართლოს მიერ ორ წელზე ნაკლები ვადით აქვს თავისუფლება აღკვეთილი. თუ საქმე ლტოლვილს ეხება, რომლის განცხადება თავშესაფრის მიღებაზე ჯერ კიდევ განხილვის სტადიაშია, მაშინ განაჩენი უნდა ითვალისწინებს მინიმუმ სამი წლით დასჯას.

 

ერთწლიანი პატიმრობა, თუნდაც ის პირობითი იყოს, საკმარისია იმ შემთხვევაში, თუ დანაშაული ჩადენილია სპეციალური კატალოგის მიხედვით, რომელიც 2015-2016 წლის საახალწლო ღამეს, გერმანიაში, კელნში მომხდარი ცნობილი მოვლენების გამო შეადგინეს. ასეთი დანაშაულობანი, რომლებიც დაკავშირებულია სხეულის დაზიანებასთან, სექსუალურ ძალადობასთან, წესრიგის დამცველი ორგანოების წარმომადგენლებისთვის წინააღმდეგობის გაწევასთან (ცნობისათვის: ბინის ძარცვისათვის გერმანიაში 10 წლამდე პატიმრობას უსჯიან, მაღაზიებში ქურდობისათვის - ფულადი ჯარიმას ან ხუთ წლამდე პატიმრობას).

 

ცოლი როგორც შემამსუბუქებელი გარემოება

 

დეპორტაციის დროს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის გარდა მხედველობაში მიიღება სხვა გარემოებებიც, კერძოდ, უცხოელი სამართალდამრღვევის სამშობლოში არსებული სიტუაცია. თეორიულად გაძევება ყოველ ქვეყანაში შეიძლება, სადაც, გერმანიის ხელისუფლების შეფასებით, კონკრეტულ რეპატრიანტს წამება, სიკვდილით დასჯა ან ღირსების შეურაცხმყოფელი დამცირება არ ელოდება.

 

ამა თუ იმ ქვეყანაში სამხედრო მოქმედებების მიმდინარეობა გადაწყვეტილების განმსაზღვრელ კრიტერიუმად არ ითვლება, თუმცა აქაც შეიძლება გამონაკლისი: მაგალითად, გერმანიიდან სირიელებს სამშობლოში არ აბრუნებენ, ავღანელების დეპორტაციას კი საკმაოდ რეგულარულად ახდენენ.

 

მხედველობაში მიიღება აგრეთვე გერმანიაში მყოფი უცხოელის ოჯახური მდგომარეობა - ჰყავს თუ არა ცოლშვილი, აგრეთვე აქვს თუ არა მას სამუშაო და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930