გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
„ng.ru“: პოლიტიკოსი რომელსაც ოცნება „ოცნებამ“ მოუსპო და რომელსაც საკუთარი თანაპარტიელებიც აღარ უჯერებენ, ფსონს ემიგრანტებზე დებს

29-01-2019

„საქართველოს ექს-პრეზიდენტი ისევ სამშობლოში, საქართველოს ხელისუფლებაში დაბრუნებაზე ფიქრობს. ამ გეგმის განხორციელებაში, მიხეილ სააკაშვილის აზრით, მას ქართული დიასპორა უნდა დაეხმაროს, რომელიც მთელ მსოფლიოშია მიმოფანტული. ფილადელფიაში (აშშ) შეხვედრისას საქართველოს ყოფილმა მმართველმა თანამემამულეებს მოუწოდა, დაივიწყონ უცხოეთში ცხოვრება, უარი თქვან უკვე მეტ-ნაკლებად აწყობილ საქმიანობაზე, გაერთიანდნენ და სამშობლოში დაბრუნდნენ, დაამხონ ამჟამინდელი ხელისუფლება და ქვეყნის მართვის საჭე კვლავ მიხეილ სააკაშვილს ჩააბარონ“, - ნათქვამია რუსული გამოცემის, «Независимая газета»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.


საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ იური როქსის ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:


„ექს-პრეზიდენტის მორიგი შეხვედრა თანამემამულეებს ფილადელფიაში არსებული უკრაინის კულტურის ცენტრში გაიმართა. სიუჟეტი მომხდარის ამბის თაობაზე ქართული ოპოზიციური ტელეარხის „რუსთავი-2“-ის ეთერით გადაიცა“, - აღნიშნავს ავტორი და იქვე ირონიულად წერს: „ემიგრაცია. ნოსტალგია.


ყოფილი პრეზიდენტი, რომელმაც სამშობლოში ცხოვრების შესაძლებლობა დაკარგა. მას იმედი ჰქონდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მისი კაცი გაიმარჯვებდა და მშობლიური თბილისის ნახვის შანსი მიეცემოდა, თუმცა ოცნება „ოცნებამ“ მოუსპო. მიხეილ სააკაშვილს მხარი არც თანაპარტიელებმა არ დაუჭირეს, როცა მან უცხოეთიდან ლოზუნგ-მოწოდებები ისროლა - მთავრობის დაწესებულებების დაბლოკვის, სატრანსპორტო არტერიების გადაკეტვისა და სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მიზნით. ობიექტურობის პრინციპის დაცვით ვიტყვით, რომ „ნაციონალები“ არჩევნების შემდეგ მართლაც მოაწყეს ანტისამთავრობო აქცია, დაგმეს სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება, მტკიცედ განაცხადეს - სახლში მანამდე არ წავალთ, სანამ ამ ხელისუფლებას არ დავამხობთო და... შემდეგ გულმა მაინც სახლებში გაუწიათ და მას შემდეგ აღარ გამოჩენილან“.


„ალბათ, მიხეილ სააკაშვილი იმ ფაქტმაც გაანაწყენა, რომ მისმა ექს-თანამოაზრეებმა, ამჟამად კი „ევროპელმა ქართველებმა“ უგანეს და მხარი არ დაუჭირეს - რა დროს ქუჩის აქციებია, ჩვენ ხელისუფლების კრიტიკა პარლამენტიდან გვირჩევნიაო. აბა, რა უნდა ექნა ექს-პრეზიდენტს, რომელსაც სამშობლოში თავისი პარტიელებიც (დღევანდელებიც და გუშინდელებიც) კი აღარ უჯერებენ? ჰოდა, მან ახალი ნიშის და საყრდენის ძებნა დაიწყო. იპოვა კიდეც - ბოლო ტალღის ქართველი ემიგრანტების სახით“, - საკმაოდ ირონიულად წერს ავტორი.


„შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილს ჰგონია, რომ სწორი სვლა გააკეთა, მაგრამ სიტუაციას თუ გადავხედავთ, ეს ძნელი დასაჯერებელია: იმ ადამიანებმა, ვისაც ექს-პრეზიდენტი შეხვდა, სამშობლო ან სწავლის, ან უკეთესი ცხოვრების პირობების ძიების მიზნით დატოვეს, ისინი საქართველოდან წავიდნენ შვილებისა და შვილიშვილებზე ზრუნვის გამო. ემიგრაცია მძიმე პროცესია და თანაც მტკივნეული. საქართველოს მოქალაქისათვის დასავლეთის ქვეყანაში ცხოვრების აწყობა, ანუ მეტ-ნაკლებად ნორმალური სამსახურის პოვნა ხშირად სასწაულის ტოლფასია... და განა ისინი, რომლებსაც „იღბლიანი კარტი“ შეხვდათ, ახლა მასზე უარს იტყვიან და უკან დაბრუნდებიან - ანტისამთავრობო აქციებისა და მიტინგების მოსაწყობად, რომელსაც თან საკმაო რისკები ახლავს? „რუსთავი-2“-ის ერთ-საინფორმაციო გამოშვებაში ახალგაზრდა ქალი, ბავშვით ხელში, მიხეილ სააკაშვილს ელაპარაკება და იფიცება, რომ საქართველოდან ჩემი შვილის ნორმალური ცხოვრების უზრუნველყოფის გამო წამოვედიო და ამბობს, მზად ვარ სამშობლოში დავბრუნდე და შენთან ერთად ვიბრძოლოო. ფიცის პირველი ნაწილი მწამს, მაგრამ მისი მეორე ნაწილისა რაღაც არ მჯერა“, - აღნიშნავს ავტორი.


მიხეილ სააკაშვილმა თანამემამულეებს გაუმხილა, რომ ვენესუელის მოვლენებმა მას ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით ახალი იმპულსი შესძინა: „ვენესუელის გამოცდილება უნდა გავიზიაროთ, უნდა გამოვიდეთ ფართო ფრონტით. ვიწყებთ მოძრაობას „ერთად სახლისაკენ“ მე საქართველოში ყველა ემიგრანტთან ერთად ჩავალ და 72 საათში დღევანდელ ფეოდალურ ხელისუფლებას შევცვლი“, - განაცხადა ექს-პრეზიდენტმა.


უნებლიედ კითხვა იბადება: კაცო, რა გიშლიდა ხელს, თუ ასე ძალიან გინდოდა დაბრუნება, ჩასულიყავი საქართველოში თვენახევრის წინ, როცა საზოგადოება აქტიური იყო და მოსახლეობაში საპროტესტო მუხტი არსებობდა? შენს წინააღმდეგ აღძრული ის სისხლის სამართლის საქმეები ხომ არა, რომლის ძალითაც აეროპორტშივე დაგიჭერდნენ? ამ კითხვის პასუხად, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ფილადელფიაში შეხვედრისას დაუსვეს, მან ამაყად განაცხადა: „მე მზად ვარ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ბედი გავიზიარო“.


„შესაძლოა მიხოს უეცარი გააქტიურება იმ კრიზისის გამოძახილი იყოს, რომელმაც თავი იჩინა მმართველ პარტიაში - „ქართულ ოცნებაში“. გავიხსენოთ, რომ თბილისში უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება პარტიის „ვერხუშკის“ (ხელმძღვანელობის) ყრილობა თუ კრება მისი თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობით. ნიშანდობლივია ისიც, რომ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვოლსკი პარტიის ორად გაყოფას არ გამორიცხავს.


თბილისში ფილადელფიური კრება „ერთი კაცის შოუდ“ მონათლეს, რომელმაც, უკეთეს შემთხვევაში, ხალხს თავისი არსებობა გაახსენა. მიხეილ სააკაშვილის გეგმების აბსურდულობა აშკარაა - ათასობით ემიგრანტი სახელმწიფო გადატრიალების მოსაწყობად სამშობლოში არ დაბრუნდება. ამისათვის ექს-პრეზიდენტს არც პოლიტიკური ბერკეტები არ აქვს, არც ფინანსური რესურსები და არც ტექნიკური საშუალებები“, - ასეთი დასკვნაა გაკეთებული პუბლიკაციის დასასრულს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930