გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერვიუ
შვედეთში მცხოვრებ ქართველ წყვილს ბავშვი ჩამოართვეს – “ჩემზე თქვეს, რომ მარიხუანას ვეწეოდი და აგრესიული ვიყავი”

14-02-2019

შვედეთში მცხოვრებ ქართველ წყვილს ადგილობრივმა სოციალურმა სამსახურმა ბავშვი ჩამოართვა. მშობლების არაერთი მცდელობის მიუხედავად, შვილის დაბრუნება მათ ვერ შეძლეს.


როგორც ბავშვის მამამ, კონსტანტინე კირვალიძემ mshoblebi.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, ერიკი 9 თვის იყო, როცა წაიყვანეს, მას შემდეგ 3 თვე გავიდა, მშობლები კი შვილის დაბრუნებისთვის დღემდე ამაოდ იბრძვიან.


რა გახდა ბავშვის ჩამორთმევის მიზეზი და რა შანსი რჩებათ მშობლებს, რომ ერთი წლის ბიჭუნა უკან დაიბრუნონ – ამის შესახებ კონსტანტინე კირვალიძე საუბრობს.


მისი შეფასებით, სინამდვილეში ამ საქმის უკან გავლენიანი ძალები დგანან, რომლებსაც მასზე ანგარიშსწორება სურთ.


– წელიწად-ნახევარია მე და ჩემი მეუღლე ვცხოვრობთ შვედეთში და ვითხოვთ პოლიტიკურ თავშესაფარს, სრულიად დასაბუთებული დოკუმენტაციით, რომელიც ჩამოსვლის პირველივე დღიდან წარვადგინეთ შვედეთის მიგრაციის სამსახურში. აქ, შვედეთში ცხოვრების პერიოდში შეგვეძინა ვაჟი, ერიკი, რომელიც ამჟამად გვყავს ჩამორთმეული, უსაფუძვლო, უსამართლო და ცრუ ბრალდებებით, ასევე ინფორმატორების ცრუ დასმენის საფუძველზე.


– ბავშვის ჩამორთმევის ოფიციალური მიზეზი რა არის?


– ჩემზე განაცხადეს, რომ ვეწეოდი მარიხუანას და თურმე, ერთ მომენტში ვიყავი აგრესიული. ეს მიზეზი დიდი ხანია აღარ არსებობს, რადგან მე მაქვს ამჟამად 60-დღიანი ანალიზის, ნარკო და ალკო ტესტის პასუხები, რომ ვარ სრულიად სუფთა და ყველანაირი ნარკოტიკისგან და ალკოჰოლისგან თავისუფალი. არც არასდროს შემიქმნია საფრთხე არავისთვის ჩემი მოწევით.


რაც შეეხება ჩემს მეუღლეს, სოციალური სამსახურის მუშაკებმა, ბავშვის უკანონოდ ჩამორთმევიდან სამი დღის შემდეგ, ისარგებლეს ჩემი მეუღლის ბუნებრივად სტრესული მდგომარეობით და მოუწყვეს ჯოჯოხეთური დაკითხვა, მიიყვანეს ფსიქიკურ აშლილობამდე. შეკითხვები გაგრძელდა იმ დრომდე, სანამ მთლიანად არ მოახდინეს ჩემი მეუღლის ფსიქოლოგიური პარალიზება და როდესაც ვეღარ გასცა პასუხი, მეათასედ დასმულ კითხვას, თუ რას გააკეთებდა კიდევ ბავშვის ჩემგან დასაცავად (და ვიმეორებ, ბავშვს, ჩემგან დასაცავი ნამდვილად არაფერი სჭირდა), უღონოდ ჩაჰკიდა თავი ჩემმა მეუღლემ და ვეღარ შესძლო ფიზიკურად პასუხის გაცემა, რის შემდეგაც განუცხადეს, რომ ვერ დაგვარწმუნეო, რომ თქვენ შეგიძლიათ ბავშვის დაცვა, ამიტომაც დარჩება ჩვენთანო.


– ბავშვის ნახვის უფლება გაქვთ?


– თავიდან კვირაში 3-ჯერ გვქონდა ნახვის უფლება, მაგრამ ეს ისეთი კოშმარი იყო, ჯერ შეხვედრა და მერე უკან წამოსვლა, რომ ერთი-ორჯერ უარიც ვთქვი. ახლა კვირაში ერთხელ გვაქვს ნახვის უფლება, ვერც იმდენ დროს ვერ ვატარებთ ერთად, რამდენიც გვინდა. ბავშვმა რამდენიმე ოჯახი გამოიცვალა, არცერთი ადგილსამყოფელი არ გვითხრეს, თურმე გატაცების საფრთხის გამო.


– რატომ ფიქრობთ, რომ თქვენზე ანგარიშსწორება სურთ?


– ჩვენს ქვეყანაში მე რეალური პოლიტიკური დევნის მსხვერპლი ვიყავი ჩემი საქმიანობის, ჩემი მწერლობის გამო (კოტე კირვალიძე არის ავტორი სკანდალური წიგნისა “შავი ლაქა”, რომელშიც ციხეში მომხდარი ამბებია აღწერილი) და ამას უკავშირდება ეს ყველაფერი. დევნა გრძელდებოდა ჩემი აქ ყოფნის პერიოდშიც, მუდმივად ხორციელდებოდა ზეწოლა, რომ ჩვენ, საკუთარი სურვილით გვეთქვა უარი თავშესაფარზე და დაგვეწერა ეგრეთ წოდებული – “სტოპი”, რაც გულისხმობდა ჩვენს საკუთარ ქვეყანაში უკან დაბრუნებას. ამაზე მუდმივად ვაცხადებდით კატეგორიულ უარს, რადგან კარგად გვახსოვდა ის ჯოჯოხეთი, რაც საკუთარ ქვეყანაში გამოვიარეთ.


ეს იყო ორმხრივი შეთანხმება და ჩვენ ყველა მხრიდან გაწირული აღმოვჩნდით, აღარაფერმა გაჭრა… ახლა ვცდილობთ, დავიხსნათ ბავშვიც და ჩვენი თავიც, ამ ჯოჯოხეთიდან, როგორმე….


– თქვენ შვედეთში ცხოვრობთ, სადაც ძნელი წარმოსადგენია ასეთი უსამართლობა…


– საქართველოში დაუჯერებლად ჟღერს, რომ შვედეთში ასეთი რამ ხდება, მაგრამ, როგორც ვხედავ, ბავშვის თემა საერთოდ კატასტროფაა ევროპისთვის.
ბავშვზე ზრუნვის სახელით, ნებისმიერი ადამიანის ცრუ ჩვენების საფუძველზე შეიძლება ჩამოგართვან ბავშვი და სანამ ის გაირკვევა, ცრუ იყო ეს ჩვენება თუ მართალი, შეიძლება თვეობით და წლობით დაგაშორონ შვილს, რაც ნამდვილად დიდი ბოროტებაა.


– რა შანსი გრჩებათ ბავშვის დასაბრუნებლად?


– ვცდილობთ, დავაღწიოთ აქაურობას თავი და დავბრუნდეთ, რადგან აქ ჩვენი სიმართლის დამტკიცების შანსი არ გვაქვს, სასამართლო განაჩენიც ასეთი იყო – კოტე კირვალიძემ შეიძლება ისევ მოწიოს და არის შანსი, რომ დედა ისევ ცუდად გახდეს. მე ეს თვეები ვაბარებდი ნარკოტესტებს და დავამტკიცე, რომ სუფთა ვარ, ჩემი მეუღლეც კარგადაა, ამ ინციდენტამდე არც არასდროს ყოფილა ცუდად. ამის მიუხედავად, გამოიტანეს დასკვნა, რომ მე “შეიძლება მოვწიო” და დედაც, “შეიძლება გახდეს ცუდად”. ჩემზე ითქვა ისიც, რომ ხმა მაქვს ზედმეტად ბოხი ხმა და ამით ტრავმას ვაყენებ ბავშვს.
ერთადერთი შანსი უკან დაბრუნებაა, ამ შემთხვევაში დაგვიბრუნდება ბავშვი, ამიტომ სასწრაფოდ ვცდილობთ მოვიპოვოთ სახსრები და საკუთარ ხარჯით დავბრუნდეთ. მათი სახსრებით რომ წამოვიდეთ, კვირაობით გაიწელება თითოული საბუთი. ჩვენთვის კი თითოეული წუთი ძვირფასია. სხვა არავის იმედი არ გვაქვს, უკვე ყველას მივმართეთ. 3 თვე დავკარგეთ ცრუ დაპირებებში.






sarkenews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930