21-12-2017
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ფრაქცია "ნაციონალურ მოძრაობასთან" შეხვედრისას განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტების შესახებ დეტალურად ისაუბრა და დეპუტატებს სამთავრობო გეგმის ძირითადი პრიორიტეტები გააცნო.
გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის თითოეული მიმართულებით მიღწეულ პროგრესს და კომპლექსურ რეფორმებს, რომელთა განხორციელება მომავალში იგეგმება.
პრემიერმა ყურადღება გაამახვილა განათლების სფეროზე, ეკონომიკურ რეფორმაზე, 2018 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებზე, სტარტაპების დაფინანსების მექანიზმებზე, „ბიზნესსახლის“ კონცეფციაზე, საპენსიო რეფორმასა და კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე; ასევე, ისაუბრა სივრცით მოწყობასა და სატრანზიტო პოტენციალზე, ენერგოდამოუკიდებლობის ზრდისკენ მიმართულ ნაბიჯებზე, მმართველობის პროცესში მოსახლეობის ჩართულობის გაზრდაზე, თვითმმართველობის კიდევ უფრო განვითარებაზე, სოფლის მეურნეობის სფეროში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე, გარემოს დაცვის გაუმჯობესებისა და ტყის აღრიცხვა-ინვენტარიზაციის მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზე.
გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა მოზარდებში ძალადობის პრევენციის, სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიმართულებით დაგეგმილ ნაბიჯებს, ყურადღება დაუთმო ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს, ამ მიმართულებით არსებულ მიღწევებს და თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში განხორციელებულ მნიშვნელოვან ცვლილებებს.
პრემიერ-მინისტრმა ფრაქციის წევრების შეკითხვებსაც უპასუხა.