გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეუთოს გენერალური მდივანი: ირაკლი კობახიძემ დამარწმუნა, რომ საქართველოს სურს, რეგიონის მოწინავე ქვეყნად დარჩეს 

26-02-2019

ავსტრიის რესპუბლიკაში ვიზიტად მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ეუთოს გენერალურ მდივანს, თომას გრემინგერს შეხვდა.


მხარეებმა საქართველოსა და ეუთოს თანამშრომლობის და ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატისა და ეუთოს აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე.

პარლამენტის თავმჯდომარე და ეუთოს გენერალური მდივანი შეთანხმდნენ, რომ საქართველო და ეუთო დემოკრატიული რეფორმების განხორციელების პროცესში მჭიდროდ ითანამშრომლებენ.


„განვიხილეთ ჩვენი თანამშრომლობის არაერთი საკითხი, განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ ორ საკითხზე: ეს არის დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით თანამშრომლობა საქართველოსა და ეუთოს შორის და გამოვთქვით მზადყოფნა, რომ გვექნება ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით, განსაკუთრებით, საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწის კუთხით. ასევე, განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ ტერიტორიული მთლიანობის საკითხებზე, ოკუპაციის საკითხებზე - აქ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეუთოს როლი, ეუთოსთან თანამშრომლობის როლი და შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობას“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძემ.


თომას გრემინგერის თქმით, ეუთო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს და მზად არის თანამშრომლობის გასაღრმავებლად.


„საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ძალიან მნიშვნელოვანი და სასიამოვნო შეხვედრა მქონდა, სადაც განვიხილეთ საქართველოსა და ეუთოს თანამშრომლობის საკითხები. აღვნიშნეთ, რომ ეს თანამშრომლობა საკითხთა ფართო სპექტრს მოიცავს. რა ვისაუბრეთ კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებზე, ჟენევას საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმართ ეუთოს მხარდაჭერაზე და მე ვუთხარი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ მექანიზმებს.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დამარწმუნა, რომ საქართველოს სურს, დარჩეს რეგიონში მოწინავე ქვეყნად დემოკრატიზაციის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების სფეროში ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით. ცხადია, რომ ეუთო მხარს უჭერს საქართველოს, როდესაც საქმე ეხება საარჩევნო კანონმდებლობას, სასამართლო რეფორმას, ასევე, ტრანსნაციონალურ საფრთხეებთან დაკავშირებულ გამოწვევებს, მათ შორის, კიბერდანაშაულს. ეუთო მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციისთვის ეროვნული სტრატეგიის შემუშავებაში.


ასევე, ვუთხარი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ ვაფასებთ საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას რეფორმების იმ დღის წესრიგის მიმართ, რომელიც ეუთოში ხორციელდება და მადლიერნი ვართ, რომ საქართველო არის წევრი სახელმწიფო, რომელიც ერთგულია მრავალმხრივობისა და მზად არის ჩვენი ორგანიზაციის გასაძლიერებლად“- განაცხადა თომას გრემინგერმა.


შეხვედრას საქართველოს პარლამენტის წევრები: სოფო კილაძე, ანრი ოხანაშვილი, რატი იონათამიშვილი, ლელა ქებურია და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე, ასევე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში, დავით დონდუა ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930